რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში ადამ კინზინგერის განცხადებას

რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში ადამ კინზინგერის განცხადებას

ოპოზიციაში ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც მან განმარტა, რომ კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას არ ნიშნავს. პოლიტიკოსების ნაწილი კონგრესმენის ამ სიტყვების მიუხედავად მიიჩნევს, რომ დამტკიცების შემთხვევაში კანონი საქართველოსთვის სწორედ სანქციების დაწესების ტოლფასი იქნება.

„როდესაც გეუბნებიან, რომ ამ ფულს გამოიყენებ მაშინ, თუ გააკეთებ ამას, ამას და ამას, თუ იქნება სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული არჩევნები, შეწყდება დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება გაყინული. ეს არის სანქცია“, - მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ ფინანსური დახმარების მისაღებად გარკვეული წინაპირობების შესაძლო დაწესება იმის მანიშნებელია, რომ ვაშინგტონში თბილისის წინსვლა სურთ.

„ყველას, ვისაც აქვს სტრატეგიული ინტერესი საქართველოს დახმარების, სურს რომ საქართველოში საქმე ცუდად არ წავიდეს. ოღონდ ივანიშვილი, სამწუხაროდ, პრობლემას უქმნის ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს გარეთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ფინანსური დახმარების მიღებაზე წინაპირობის დაწესება სანქციას ნიშნავს.

„სამწუხაროდ, საქართველო მივიდა იმ უბედურებამდე, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ წინაპირობები გვაქვს. დიახ, სანქციები გვაქვს. ეს ჩემთვის სანქციაა“, - აცხადებს ვაშაძე.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

Aburjga Tasmanieli ვაშაძე - სამწუხაროდ, საქართველო მივიდა იმ უბედურებამდე, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ წინაპირობები გვაქვს. დიახ, სანქციები გვაქვს. ეს ჩემთვის სანქციაა“!
ჩემი სამშობლო რომ უბედურებაში არ იყოს აბა მაშინ თქვენ ოპოიციად წოდებულო საქართველოს მტრებო თქვენ ვინ დაგალაპარაკებდათ, ენას ვინ ამოგაღებინებდათ?!
4 წლის უკან