ქართულ შოუბიზნესს ერთი უცნაური "დაავადება" სჭირს, პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მომღერლებიც იცვლებიან. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს პოპულარული მომღერლების ნაწილი ვარდების ხელისუფლებამ რამდენიმე წლით "ჩარეცხა", ნაწილმა კი ახალ ხელისუფლებაშიც მოიწყო თბილი ბუდე.
"ჩარეცხილები", როგორც მაშინ პრეზიდენტმა უწოდათ, ჯერ "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციებზე ვიხილეთ, ახლა კი სოლოკონცერტებსაც მართავენ და ტელევიზიითაც ხშირად ჩნდებიან.
მართალია, ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მომღერლებიდან არავინ "ჩაურეცხავს", მაგრამ ისინი ნელ-ნელა, თავისთავად მაინც ქრებიან. შესაბამისად, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე ნაკლებად ჩნდებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ ან დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერ ათკაციან აქციებზე დადიან.
სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დამეგობრდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ სოფო პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გახლავთ და მის გარეშე საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი კონცერტი არ ჩატარებულა. ახალგაზრდა პრიმადონამ პოპულარობით თავად ლელა წურწუმიაც კი დაჩრდილა, რადგან სპეციალურად სოფოსთვის დადგმულ მიუზიკლებში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა.
მართალია, ნინას ამხელა სიმაღლეები არ დაუპყრია, მაგრამ ნაციონალურ ფრთაში დაფასებული კადრი გახდა და კულტურის სამინისტროში მუშაობაც დაიწყო. ნინას ისე შეუყვარდა პრეზიდენტი, რომ რამდენიმე წლის წინ ტელეფონის ეკრანზე ფონად მისი ფოტო ეყენა. ნაციონალების დასაცავადაც არაერთი ბრძოლა გადაუტანია. ალბათ ბევრს აღარც ახსოვს, როგორ მიაყენეს ერთ-ერთ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მომღერალს ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერებმა.
მაშინ ნინა ბეწვზე გადარჩა, ამიტომ ჭკუა ისწავლა და ხალხის დამოძღვრა, თუ როგორი კარგია ნაციონალური მოძრაობა - პრესიდან დაიწყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური 5-ნომრიანი მაისურით მათ მხარდამჭერ კონცერტებზეც გამოდიოდა და იმითაც იმუქრებოდა, თუ ნაციონალები არ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავო.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნინას გულშემატკივრობამ პარტიას ვერაფერი უშველა, მაგრამ ნინა ამჯერად პოლიტიკურ ფლანგზე გააქტიურდა. სოციალური ქსელიდან მოწოდებები არ იკმარა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. ტელეკამერების წინ კომენტარებიც არ დაიშურა და საღამოს "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე მხარდამჭერებისგან მადლობებიც მიიღო.
საქართველოში ხომ ყველაზე ადვილი პროფესია ექსპერტობაა. რამდენიმე ხმაურიანი განცხადება, შემდეგ ერთი-ორი სატელევიზიო ეთერი და მესამედ, ტელევიზიები არ დაგზარდებიან და, შენი სახელისა და გვარის ქვევით მედიაექსპერტს, პოლიტიკურ ექსპერტს ან სამხედრო ექსპერტს მიაწერენ. ნინაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს, სხვა არაფერია მისი კომენტარი, რომელიც "ფეისბუქზე" ირაკლი ალასანიას "კურიერ პ.ს."-ში გამოსვლის მერე მიუძღვნა:
"ირაკლი ალასანიამ "პ.ს."-ში თქვა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველო ბუქსაობდა და ვერ განვითარდაო. აბა, როდის განვითარდა, ბატონო ირაკლი, 90-იან წლებში?"
ყოჩაღ, ნინა, ნინასი გეშინოდეთ, მინისტრებო!!!
როგორც თავში აღვნიშნე, ამ ბოლო დროს ნინა და სოფო დამეგობრდნენ. გარდა პოლიტიკური მოსაზრებებისა, კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ. მათ შორის ერთ-ერთი გახდომა და კარგი ტანის დაყენებისკენ სწრაფვაა. იმის დემონსტრირებას, რომ ცხოვრება ძველებურად გრძელდება და "ქართული ოცნება" ვერაფერს დააკლებთ, ნაციონალები ხშირად ახდენენ. ნინა და სოფოც მოდას არ ჩამორჩნენ და "ფეისბუქზე" ფიტნესკლუბში გადაღებული ფოტოები ატვირთეს.
სოფო და ბიძინა ივანიშვილი (იქვე ნინა-ც)
გასულ კვირას ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოფო ნიჟარაძეს "ფეისბუქის" გვერდზე უცნაური ფოტო გამოუქვეყნა. სოფოს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა
ივანიშვილის ფოტოები გვერდიგვერდაა
დამონტაჟებული და ზემოდან აწერია:
"ბიძინა ივანიშვილი კულტურის მინისტრად სოფო ნიჟარაძეს ნიშნავს. გადადით ლინკზე და ნახეთ დაწვრილებით, თუ ტყუილი იყოს, შეგიძლიათ "ანლაიქი" გაუკეთოთ".
"რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კონკრეტული შემოთავაზება თუ გაქვთ, ბატონო ბიძინა, კი ნუ მაპარებთ, პირდაპირ დამირეკეთ ნომერზე..." - ასე გამოეხმაურა ფოტოს ახალგაზრდა პრიმადონა და ხუთიანებით და ნულებით შემდგარი ნომერი გამოაქვეყნა. სად იყო და სად არა, იქვე ნინაც გაჩნდა ფოტოს ქვევით და დაიჩივლა:
"შენ კაი პონტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან საცოლე. მე პირდაპირ ნაშა, ამ სტატუსს ვერ ავცდი".
"რა ცოლი, რა საცოლე, არ გამაგიჟო ახლა, ისევ მინისტრობა მირჩევნია", - წერდა სოფო ნიჟარაძე.
ასე რომ, სოფოს ახალ ხელისუფლებაში მინისტრობა უნდა, ნინა კი პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს. ისე, ვერა ქობალია თუ იყო მდგრადი მინისტრი და უცნაურად გამქრალი ხათუნა კალმახელიძე - ციხეების დედოფალი, დიდი ამბავი, სოფომ კულტურის მინისტრობაზე წამოაყენოს პრეტენზია.
მოგვიანებით, მომღერალმა ფოტო წაშალა და საკუთარ გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა:
"მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ და გაფრთხილებთ, ვინც ასეთ ფოტოებს დამიდებს ან მომნიშნავს, ან გაავრცელებს, დავბლოკავ. დავიღალე უკვე თქვენი ბოდვებით, გემშვიდობებით..."
ნინას მორიგი "მუქარა"
მართალია, ნინას მუქარებით უკვე დიდი ხანია დავიღალეთ, მაგრამ ამჯერად რიყეზე მშენებარე უცნაური თეატრის დაცვაზე გადაერთო. მართალია, დასაცავი ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპითაც ახალი ხელისუფლება ძველ ჩინოვნიკებს დაერია, მაგრამ მაინც...
რამდენიმე დღის წინ სოფო ნიჟარაძის "ფეისბუქის" გვერდზე (ნინას და სოფოს გვერდები რამ გაყო), მომღერლების საერთო მეგობარმა ნინას ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ხელებგაშლილი მომღერლის უკან საოცარი ფონი ჩანს, შუშის ხიდი, ახალი თეატრი და პრეზიდენტის ჩაბნელებული რეზიდენცია. ფოტოზე ასახულ ახალ პოლიტიკურ რეალობას, სადაც შუშის რეზიდენცია ჩაბნელებულია, ხიდი და თეატრი კი ისევ დგას, სერიოზული დისკუსია მოჰყვა, რომელი უფრო ლამაზია, ხედი, ხიდი, თეატრი თუ ნინა. დავას წერტილი ისევ მომღერალმა დაუსვა.
"ოღონდაც თეატრი არ დაანგრიონ და ნინას ვინ დაეძებს, მე ბულდოზერს ვუდგები წინ", - დაიმუქრა მომღერალი.
საინტერესოა როგორ განვითარდება ახალი თეატრისა და უკვე დაძველებული შუშის ხიდის ბედი, ფაქტია, რომ რომელიმეს გადატანის და დემონტაჟის შემთხვევაში, წინ დიდი სანახაობა გველის. ნინა ბულდოზერთან, სოფო "ფეისბუქზე", საღამოს კი ორივე ერთად ფიტნესკლუბში, გასახდომად და ტანის დასაყენებლად...