ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი ზუგდიდელისთვის, უმთავრესია დავიმსახურო ზუგდიდელების ნდობა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი ზუგდიდელისთვის, უმთავრესია დავიმსახურო ზუგდიდელების ნდობა

ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი ზუგდიდელისთვის, უმთავრესი არის ის, რომ მე დავიმსახურო ზუგდიდელების ნდობა და, შესაბამისად, მათ მანდონ საკუთარი მანდატი, რათა მათი ინტერესები წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტში 2020 წლიდან, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მისი ცხოვრების ყოველდღიურობა სწორედ ზუგდიდს უკავშირდება და ის თავის კანდიდატობას დიდი პასუხისმგებლობით უდგება. მან ყურადღება ქალაქის პოტენციალსა და მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა.

„ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ზუგდიდს აქვს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში ზუგდიდში განხორციელდა უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ზუგდიდს სძენს ახალ იერსახეს. ზუგდიდში განხორციელდა ისეთი ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც აქამდე არ ყოფილა და ეს ქალაქის განვითარებას უწყობს ხელს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზუგდიდელებისთვის კვლავაც უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეში, საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში რჩება ეკონომიკური განვითარება, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ზუგდიდელები, განსაკუთრებულად დაძაბულად ვგრძნობთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციასთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ის თითოეული ზუგდიდელისთვის სახელმწიფო პროგრამებისადმი წვდომის გაზრდას თვლის. მისი თქმით, საქართველოში არსებული სერვისებით სარგებლობა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამაც უნდა შეძლოს, ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი რუხის კლინიკა დაასახელა.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ იდეის შემუშავებაში მიმიღია მონაწილეობა. ზუგდიდში არის ახალი, დიდი რუხის საავადმყოფო, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია იტვირთოს სამედიცინო ცენტრის ფუნქცია COVID-თან ბრძოლის თვალსაზრისით ამ პერიოდში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიას დავასრულებთ, ჩვენ შევძლებთ ამ საავადმყოფოს ამოქმედებას, რომელიც ასევე მისცემს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს საქართველოში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი 2012 წლიდან არის. დღეს ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.