მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული

მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული

გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება არ იყოს 109-ე მუხლთან მიმართებაში. ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში და გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული, - ამის შესახებ მორაგბეების: არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების: არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო მანამდე არსებული სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად, რის გამოც ამ წარმოების ფარგლებში მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები სსკ 143-ე, 225-ე და 126-ე მუხლით ბრალდებულ პირებს და მათ ადვოკატებს ვერ გადაეცემათ.

„ჩვენ წერილობითი განცხადებით მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან კონკრეტული პირები მოდიან საგამოძიებო ორგანოში, ჩვენებებს აძლევენ და ეს მასალებში ასახვას ვერ ჰპოვებს. გვაქვს ეჭვი, რომ გამოძიება ამ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში 109-ე მუხლთან მიმართებაში იყოს ცალკე წარმოებად გამოძიება დაწყებული. თუ ეს ასეა, იმ დრომდე სანამ ბრალდებულების სტატუსი არ ექნებათ, არც ექნებათ ვალდებულება, რომ დაცვის მხარეს გადასცენ შესაძლო მტკიცებულებები. საქმის ახალ მასალებში არანაირი შესაძლო მტკიცებულებები არ არის, რაც დაამტკიცებს რაიმე შემხებლობას გარდაცვლილთან“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.