უჩა სეთური: თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ბაზარზე იქნება თავნებობა, მაშინ რა ქნას მოსახლეობამ? კანონში ცვლილება არის ერთ -ერთი გამოსავალი

უჩა სეთური: თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ბაზარზე იქნება თავნებობა, მაშინ რა ქნას მოსახლეობამ? კანონში ცვლილება არის ერთ -ერთი გამოსავალი

„ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გაამარტივებს კონკურენციას ბაზარზე“ ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ის მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

„ესეთი ინსტრუმენტი ჩნდება სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაიოლდეს კონკურენციის რეგულირება ბაზარზე, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს არის ბოლო ზომა, როდესაც ოპერატორი თავს არიდებს და არაფრად აგდებს მარეგულირებელი კომისიის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი ალბათ აუცილებელი და საჭიროა.

თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ბაზარზე იქნება თავნებობა, მაშინ რა ქნას მოსახლეობამ? რა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესმა? თქვენ გახსოვთ თუ როგორ ზრდიდნენ ტარიფებს შეფარულად. აი, ამ შემთხვევაში, როცა კომპანია თავს არიდებს კანონს და ცდილობს თავისი საბაზრო პოზიცია გაიმყაროს, რათა უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს, ამ შემთხვევაში მიკრო და საშუალო ბიზნესს არაფერი არ გვრჩება,“-განაცხადა სეთურმა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს.