God bless საქართველო!

God bless საქართველო!

„დაიპყრა ალექსანდრემ ყოველი ქართლი და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა“ - მოგვითხრობს ლეონტი მროველი („ქართლის ცხოვრება“, სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა 1955წ). ალექსანდრეს (მაკედონელის) სიკვდილის შემდეგ, ფარნავაზმა, აზოს მიერ ჩამოგდებული მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწულმა, „მამულად ქართლელმა, ნათესავმა უფლოსისა, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსმა ასპანელმა“, მოახერხა ეგრისელი დიდებულის - ქუჯის, ოვსებისა და ლეკების, ასევე 1000 ბერძენი მეომრის მხარდაჭერის მოპოვება, რის შემდეგაც აზოს შემოეცალა მომხრეები და იძულებული გახდა კლარჯეთში გაქცეულიყო. ფარნავაზმა დაიკავა მცხეთა და „წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა (სელევკიდების სამეფო), და წარსცა ძღუენი დიდი ძალი. და აღუთქვა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს“ .

ერთი წლის შემდეგ, „ქაჯთა ქალაქის, არტაანის“ ახლოს ფარსადანი ამარცხებს აზოს ლაშქარს „და მოკლეს აზონ, და ურიცხვი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს“. შემდეგ ფარნავაზი დალაშქრავს „საბერძნეთის საზღვარს ანძიაძორს“, ეკელეციის გავლით ბრუნდება კლარჯეთში და მცხეთაში.

 აღწერილი პერიოდი მოიცავს საქართველოს ისტორიის მაქსიმუმ 50 წლიან მონაკვეთს, ქრ.შ-დე 331 და ქრ. შ-დე 281, ალექსანდრე მაკედონელის მიერ დარიოსზე გამარჯვებიდან, სელივკიდების მიერ სილიმაქეს დამარცხებამდე. ამ ხნის განმავლობაში ქართლში ორჯერ შეიცვალა მმართველი რგოლი:

პირველად, როდესაც მაკედონელმა გაანადგურა დარიოსის იმპერია და მის სატრაპიებში ხელმძღვანელად თავისი წარმომადგენლები დანიშნა. ქართლში ყველაზე ძლიერი ტომის ბელადი, სამარა შეცვალა.

მეორედ, როდესაც დიადოქოსების ბრძოლის შედეგად, ალექსანდრეს დაშლილ იმპერიაში ქართლზე გავლენის მოპოვებას სელევკიდები ცდილობენ. ამ დროს, მათი მოკავშირე ხდება ქართლის ძველი მმართველთა შთამომავალი ფარნავაზი. სავარაუდოდ, აზო ცდილობს ლისიმაქეს მხარდაჭერით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მარცხდება.

როგორც ჩანს, ხელისუფლების ორივე ცვლას განაპირობებს რეგიონში ახალი დომინანტის დამკვიდრება - სპარსეთი მარცხდება და მაკედონელის იმპერიის ნაწილი ხდება; მაკედონელის იმპერია იშლება, და კავკასიის აღმოავლეთ ნაწილს სელევკიდების სახელმწიფო - ტეტრაპოლიტი აკონტროლებს.

მსგავსი მოვლენები ხდება რომის მიერ სელევკიდების იმპერიის განადგურების და პართიის გაძლიერებისას, ასევე, ამ უკანასკნელთა სასანიდების მიერ დამარცხების და სხვა, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე მსგავსი პროცესების შემდეგ და შედეგად, როდესაც რეგიონზე გავლენას მორიგი აღმატებული ძალა დაამყარებდა. ხელისუფალთა არალეგიტიმური ცვლა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფოებსა თუ სამთავროებში ხდებოდა, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად, ასევედ ძველი დომინანტი კლანის ან მმართველის არსებობის პირობებშიც, იმ მცირე მონაკვეთშიც, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზედ მაღალი იყო.

უამრავი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე თითქოს, ქართველ ხალხს, თუნდაც მის პოლიტიკურ ელიტას, გენეტიკურად უნდა გაეთავისებურებინა პატარა ქვეყნის შესაძლო მოქმედებები მსგავსი პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში, თუმცა აღმოჩნდა, რომ, ოთხმოციანი წლების ბოლოს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც პრეტენზია ჰქონდა ერის წინამძღოლობაზე, მოუმზადებელი შეხვდა მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს. პროცესების მართვა უმეტესად ხდებოდა სურვილების და არა არსებული რეალობის გათვალისწინებით, ემოციურ საწყისებზე და არა რაციონალური აზროვნების შედეგად...

პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც არ გვქონდა გარკვეული მოვლენების წარმოშობასა და მისი განვითარების დინამიკის შესახებ.

 საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი შესაძლებლობები განუსაზღვრელად წარმოედგინა, პრობლემები - მინიმალურად და იოლად დასაძლევად.

შესაბამისად, მივიღეთ სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკურად გაკოტრებული მოსახლეობა და გაპარტახებული ქვეყანა.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლების ცვლა სხვა ქვეყნის მეტ-ნაკლები აქტიური მონაწილეობით, რამდენჯერმე მოხდა. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ყველა ცვლილებას წინ, რეგიონში ახალი დომინანტის - აშშ-ის გარკვეული მოქმედება უძღოდა: აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ნიქსონის ვიზიტი 1991 წლის აგვისტოში, მოგვიანებით პრეზიდენტ ჯოჯ ბუშის ფრაზა „დინების საწინააღმდეგოდ ცურვის“ შესახებ, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ ბეიკერის ვიზიტი შევარდნაძესთან 2003 წლის ივლისში, მოქმედი საელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი სააკაშვილთან 2012 წლის ივნისში.

2020 წელიც სენატორებისა და კონგრესმენების საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვების კასკადით დაიწყო, რაც დაგვირგვინდა (ჯერ-ჯერობით) 13 კონგრესმენის მიერ შედგენილი დოკუმენტით, სადაც საქართველოს ფაქტობრივი მმართველს, ბიძინა ივანიშვილის რუსეთის პრეზიდენტ ვ.პუტინთან შეთანხმებით საქართველოში არეულობის მოწყობის ორგანიზების მომზადებაში დადეს ბრალი, ანუ, ივანიშვილი პირდაპირ დაადანაშაულეს ქვეყნისა და ხალხის ღალატში.

აპელირება იმაზე, რომ დოკუმენტში ფრაზები ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი ისე იყო, რომ ხელისმომწერმა კონგრესმენებმა არაფერი იცოდნენ - სისულელეა. ასეც რომ იყოს, ვითარება კიდევ უარესად გამოიყურება, რადგან ჩანს, რომ ხელისუფლების ლობისტებს და წარგზავნილებს პროცესების რეალურად წარმართველ პირებთან არასაკმარისი (ან საერთოდ ნულოვანი) ურთიერთობა აქვთ.

კონგრესმენების დოკუმენტს კიდევ უფრო ამძაფრებს გერმანიის პროკურატურის განცხადება საქართველოს მთავრობის პრორუსულობის შესახებ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკუენ მალინის წერილი, სადაც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული, კონგრესის მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 132 მილიონიდან 15%-ის ჩამოჭრის გადაწყვეტილება, ევროკავშიროს ქვეყნის ცალკეული წამომადგენლის განცხადება საქართველოში დემოკრატიის ხარისხისა და კორუფციის შესახებ და სხვა.

დამოუკიდებლობის თითქმის ოცდაათწლიანი მწარე გამოცდილებისა და პრაქტიკულ-თეორიულად (ანუ ჩვენს კისერზე გადავლილი) მიღებული ცოდნის საფუძველზე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ კონგრესმენების და შემდეგ გერმანიის პროკურატურის მიერ გაკეთებული გზავნილი ძალიან გავს ერთგვარ „შავ ნიშანს“ ბიძინა ივანიშვილისა და მთლიანად პარტია „ქართული ოცნებისათვის“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოქმედებები არის ერთ-ერთი სეგმენტი იმ კასკადისა, რითაც ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორი“ ცდილობს გზა გაუკაფოს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას საქართველოს ხელისუფლებაში მისასვლელად. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის შორიახლოს მოკალათებული პოლიტიკური ძალები დასავლეთის ამ გზავნილებს წარმოაჩენენ, როგორც მათთვის ხელისუფლების მირთმევის უტყუარ ნიშანს. თორემ, საქართველოში დღეს არსებულ ოპოზიციას რომ ხელისუფლების შეცვლა არსებული შიდა ძალებით არ შეუძლია, ნათლად გამოჩნდა 2020 წლის 20 მაისს ყველა ოპოზიციური ძალის ერთობით ჩატარებულ, ე. წ. „გავრილოვის ღამის“ წლისთავის საპროტესტრო შეკრებაზე -

 იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არ განერიდება პოლიტიკურ ცხოვრებას და პირდაპირ ან ფარულად დაეხმარება „ოცნებას“ გამარჯვებაში, ან საერთოდ არ დაეხმარება და პარტია მის გარეშე მოახერხებს უმრავლესობის აღებას, დიდი ალბათობით, მზადდება სხვა სცენარი, რომელიც „პუტინის მხარდამჭერი“ ივანიშვილის ნეიტრალიზებას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლას ითვალისწინებს.

როგორ განახორციელებენ და შეფუთავენ ამ გადატრიალებას, რა ხერხებსა და საშუალებებს გამოიყენებენ ამისათვის, მათ ცოდნაზე, შემოქმედებით უნარზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას გადაჭარბებული რაოდენობით გააჩნია. თუმცა, კვლავ მიღებული ცოდნა-გამოცდილების საფუძვლზე, ამ მოქმედებების გარკვეული ჩარჩოების წინასწარ განსზღვრა შესაძლებელია.

არსებული ხელისუფლების, და ოპოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე ვითარების დამახასიათებელი მნიშვნელოვანი მახასიათებლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მით უმეტეს ეს მაჩვენებლები პირობითი, ცვალებადი და სუბიექტურია.

ანალოგიის მცდელობისას, შექმნილი რეალობა, ალბათ, ყველაზე უფრო 1991 წელს არსებულ ვითარებას გავს. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ოპოზიცია მაშინაც და ახლაც ხელისუფლებასთან შედარებით ნაკლებად პოპულარული იყო და დასაყრდენი ქვეყნის გარედან უფრო ქონდა, ვიდრე შიგნიდან.

თუმცა არ შეძლება არ აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი - თუ 1991 წ-ს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ უნდოდა შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნება, დღეს მოსახლეობას, წარსული მწარე გამოცდილების, ოპოზიციის ლიდერების ბუნებისა და მათ მიერ გაკეთებული გამონათქვამ-ქცევების საფუძველზე, სიკვდილივით ეშინია სააკაშვილთან ასოცირებული ძალების სახელისუფლებო რეინკარნაციის.

სამწუხაროდ, ივანიშვილის მმართველობამ ვერ შეძლო პატარა ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტორის - დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სექტორის, სასამართლოსა და ეკონომიკის განვითარებისათვის პირობების შექმნა-ჩამოყალიბება. ვერ მოახერხა პატრიოტული განწყობის გაღვივება ძალოვან სტრუქტურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში. მრავალი სახელმწიფო სტრუქტურა კორუმპირებული ორგანოდ გადაიქცა, რომლის მფარველობასაც მაკონტროლებელი და ზემდგომი სტრუქტურები ახდენენ. ანუ ჩამოყალიბდა ერთგვარი კორუმპირებული პოლიტიკურ-ბიუროკრატიული სივრცე, რომლის აქტორთა სულისკვეთება პატრიოტიზმისა და პრინციპული მოქმედებებისაგან ძალზედ შორსაა.

რას დაუპირისპირებს ივანიშვილი და „ოცნების“ ხელისუფლება ასეთ ძლიერ ზეწოლას მსოფლიოს ზესახელმწიფოს მხრიდან - ჩუმად განერიდება პროცესებს, მოახერხებს გარიგებას, მოჩვენებითი აქტიურობით გადააბარებს ხელისუფლებას თუ გაუწევს ლეგიტიმურ წინააღმდეგობას ასეთი უხეში მეთოდებით ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებაში ჩარევის მცდელობას, რამდენად იმოქმედებს აშშ-ს მომავალი არჩევნების შედეგები ქვეყნის სტაბილურობაზე, წინასწარ ამის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. საზოგადოებისათვის კი იკვეთება პრობლემა:

2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფალი ან მზარდი კორუმპირებული ორგანიზაცია ან ქვეყნისა და ადამიანის ინტერესებისაგან შორს მდგომი, უზნეო და ამორალური კონგლომერატი იქნება. ორივე შემთხვევაში, ქვეყნისთვისაც და მოსახლეობისთვისაც, პრობლემების რაოდენობის ზრდა და გართულება უფროა მოსალოდნელი, ვიდრე არსებული დაბრკოლებების დაძლევის შესაძლებლობის გამოჩენა.

 

 

romani ავტორს არ ვიცნობ, მომიტევოს, მაგრამ ვერ გამოვიტანე დასკვნა. შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა, მაგრამ, ხომ შეიძლება დაუშვათ, რომ პირიქითაა საქმე და სტატია არაფრის შესახებაა. უდაოა, ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონკრეტულ დისკურსში უადგილო. მოკლედ, სრულიად გამოუვალი სურათი იკვეთება - ხომ გახსოვთ მარჯვნივ წახვალ ეს გელის, მარცხნივ უარესი და ა.შ.
გასაგებია, რომ გარკვეული კორუფცია არსებობს ისე, როგორც ყველგან და ყოველთვის, მაგრამ ამ ფრაზის არსებობას: „ მრავალი სახელმწიფო სტრუქტურა კორუმპირებული ორგანოდ გადაიქცა, რომლის მფარველობასაც მაკონტროლებელი და ზემდგომი სტრუქტურები ახდენენ. ანუ ჩამოყალიბდა ერთგვარი კორუმპირებული პოლიტიკურ-ბიუროკრატიული სივრცე, რომლის აქტორთა სულისკვეთება პატრიოტიზმისა და პრინციპული მოქმედებებისაგან ძალზედ შორსაა...“ , რომ, დღეს, წინა რეჟიმებთან შედარებით და, საერთოდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ნაკლები საფუძველი გააჩნია, ჩემთვის, პირადად, ეჭვგარეშეა. არ ვიცი, რომელ პარტიულ წარმონაქმნს მიეკუთვნება ავტორი, მაგრამ, აშკარად ანგაჟირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
4 წლის უკან
ნოდარ ლაბარტყავა nodar labartyava გიდასტურებთ რომ აშკარად ანგაჟირებული ვარ, თან იმაზე მეტად ანგაჟირებული, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. თუმცა (პოლიტიკურ წარმონაქმნთან მიკუთვნილობის მიუხედავად) ვერ ვხვდები, რას ნიშნავს "ნაკლები საფუძველი" კორუმპირებულობის ან პატრიოტიზმის შესაფასებლად? ეს თუ მხოლოდ მაპროვოცირებელი გამონათქვამია, ახლო მომავალში მოგახსენებთ მოკრძალებულ და შეძლებისდაგვარად ნაკლებად ანგაჟირებულ, ფაქტებზე დაყრდნობილ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითებხთან დაკავშირებით.
4 წლის უკან