„არაფერი დააკლდება აკაკის იმით, რომ არ იყოს წმინდანი, ის თაყვანისცემა, რაც მას ჰქონდა და აქვს, სრულიად საკმარისია ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის“

„არაფერი დააკლდება აკაკის იმით, რომ არ იყოს წმინდანი, ის თაყვანისცემა, რაც მას ჰქონდა და აქვს, სრულიად საკმარისია ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის“

კაკი წერეთლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესაძლოა, მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი დაისვას. ამ ინიციატივის ავტორთა აზრით, აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, ჩვენი ერი გამოაღვიძა, მას სულიერად წარუძღვა, ამდენად, აკაკი, ილიას მსგავსად, წმინდანად უნდა შეირაცხოს.

For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ ინიციატივის შესახებ პოეტები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები?

მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილისთვის „განთიადის“ ავტორი ისედაც წმინდანია, რადგან, როდესაც ადამიანი ისეთ ლექსს წერს, რომელიც ერის ცნობიერებაში მარადიულად რჩება, ის უკვე წმინდანია.

„თუმცა რამდენად არის აკაკის წმინდანად შერაცხვა საჭირო, მე არ ვიცი. მოწამეობრივი სიცოცხლე მაინც სხვა რამეა, ილია მაინც მოწამეობრივად აღესრულა, ილიას მდგომარეობა, მისი ღვაწლი, მოწამეობრივი სიკვდილი სხვანაირი იყო და სწორია, რომ ილია წმინდანად შერაცხეს. აკაკი ისედაც უდიდესი სახელია და არ ვიცი, რამდენად საჭიროა წმინდანად შერაცხვა. აკაკის შემდეგ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ვაჟას წმინდანად შერაცხვაც, ვაჟა უფრო მეტად ტანჯული ცხოვრებით მაცხოვრებელი კაცი იყო და უთქვამს კიდეც, „მაგრამ გაიგებთ ერთხელაც, ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა“. ზოგჯერ არ არის აუცილებელი ადამიანის წმინდანად შერაცხვა, ისიც საკმარისია, იყოს უდიდესი პოეტი და მარადიულად დარჩეს ქართველთა მეხსიერებაში. ყველას თავისი გზა აქვს. ილია აუცილებლად უნდა ყოფილიყო წმინდანთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აკაკი გაცილებით დიდი პოეტია, ვიდრე ილია, მაინც მიმაჩნია, რომ სწორი იყო, როცა ილია წმინდანად შერაცხეს. არ გამიკვირდა, როცა დიმიტრი ყიფიანი შერაცხეს წმინდანად, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც ხელოვანი, ვერც აკაკის და ვერც ილიას ვერ მისწვდებოდა. უბრალოდ, დიმიტრი ყიფიანი თავისი ცხოვრების წესითა და მოწამეობრივი სიკვდილით ამ გზას იმსახურებდა. სხვა რამ არის წმინდანობა და აბსოლუტურად სხვა რამეა დიდი მწერლობა. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ჰქონდეს ერთ ადამიანს“, - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა for.ge - სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ არც ერთი ქართველი მწერალი უარს არ იტყვის აკაკის წმინდანად შერაცხვაზე, როგორ შეიძლება, ენა მოუბრუნდეს კაცს და უარი თქვა ამაზე, პირიქით, სხვა შარავანდედითაა შემოსილი აკაკი, მაგრამ არც არაფერი დააკლდება აკაკის იმით, რომ არ იყოს წმინდანი. ის თაყვანისცემა, რაც მას ჰქონდა სიცოცხლეში და აქვს დღესაც, სრულიად საკმარისია ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის.

მწერლისა და პოეტის თემურ ჩალაბაშვილის მოსაზრებით, აკაკის წმინდანად შერაცხვაზე საუბარი უბრალო მოკვდავთ უარყოფითად არ შეგვიძლია, რადგან აკაკი ისედაც წმინდანია.

„ისეთი მწერლები, როგორიც ილია, აკაკი და ვაჟაა, მე ღმერთებად მიმაჩნია და ღმერთებზე საუბარი, მათი განსჯა არ შეიძლება. ღმერთებს მხოლოდ სანთელს უნთებენ. მინიჭებები რა საჭიროა, აკაკი წმინდანია, „განთიადის“ ავტორს რა უნდა შეშლოდა ისეთი, რომ მისთვის დაენანოთ წმინდანობა. რაც შეეხება ვაჟას, წმინდანზე მეტი მგონია მე ვაჟა ფშაველა, ის კიდევ სულ სხვა ფენომენია. ასე რომ, ტყვიის სროლა არ არის მარტო მოწამეობრივი აღსასრული, გალაკტიონს ტყვია არ ესროლეს, მაგრამ მიიყვანეს ფანჯარასთან და გადაახტუნეს“, - აცხადებს თემურ ჩალაბაშვილი for.ge - სთან საუბრისას.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი მიიჩნევს, რომ აკაკი წერეთელი დღევანდელ სიტუაციაში არის ქართველობის იდენტობის მარკერი ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძე და მათ უდიდესი დამსახურება აქვთ ქართველი ერის წინაშე.

„ჩვენი სამეცნიერო ცენტრის ინიციატივა ეფუძნება დიდი ქართველი მამულიშვილის აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღს. ჩვენი სამეცნიერო ცენტრი დაარსებულია უწმინდესის მიერ, რათა აღდგეს ტრადიციული ურთიერთობები, რაც არსებობდა ეკლესიასა და მეცნიერებას შორის. ჩვენ ვიკრიბებით, რათა მრგვალ მაგიდასთან შევაფასოთ აკაკის დამსახურება, მის შემოქმედებაში ქრისტიანული რელიგიის პლასტები. მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დაქუცმაცებული საქართველო რუსეთმა თავის ძალმომრეობით გააერთიანა, ძალიან იყო დაშორებული ცალკეული კუთხეები, კონფესიური იყო ქართველობა, იყვნენ კათოლიკები, მართლმადიდებლები, მაჰმადიანი ქართველები, ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად ილიამ და აკაკიმ უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინეს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული თეატრი, ქართული ლიტერატურა, ქართული სკოლა, ეს ყველაფერი მათი ინიციატივითაა გაკეთებული. მათი და მათი მეგობრების ძალისხმევა უდიდესია ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში. თითოეული ქართველი ვალდებულია, მუხლი მოიყაროს ამ დიდი მამულიშვილების წინაშე, რომლებმაც ხნული გადეს, რასაც დაეფუძნა შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ფორმირება. დიდი ხნის განმავლობაში თვით ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც კი სწორედ ილიასა და აკაკის შემოქმედება ქმნიდა იდენტობის საფუძველს. პატრიარქი სწორედ იმას გვასწავლის, რომ ჩვენი დიდი მამულიშვილების შეხედულებების საფუძველზე აღვზარდოთ მომავალი თაობა“, - აცხადებს ალექსანდრე დაუშვილი ჩვენთან საუბრისას და იხსენებს, რომ აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხი ადრეც იდგა, იყვნენ ამის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე არ მისულა.

მისივე თქმით, წმინდანად შერაცხვას თავისი კანონიკური საფუძვლები აქვს და ეს მარტო სურვილებით არ ხდება. ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს სწავლობენ და არსებობს სინოდი, რომელიც ამას განახორციელებს.

პირადად ალექსანდრე დაუშვილისთვის აკაკი წერეთელი ქართული პოეზიის ღვთაებაა, თავისი სულიერებით, პატრიოტული მუხტით. ამდენად, აკაკის წმინდანად შერაცხვის მომხრე შეიძლება მთელი საქართველო იყოს, რადგან აკაკი წმინდა მგოსანია, მაგრამ ეკლესიას თავისი კანონიკური წესები გააჩნია.

 

 

Katana . არ არის დიდი ჭკუის ნაყოფი ეს იდეა!
აკაკისთვის სრულიად საკმარისია ის, რაც არის - ა კ ა კ ი !
4 წლის უკან
Maverick მგოსანი არ საჭიროებს წმინდანად შერაცხვას, მას ყველა მამულიშვილი გულში ისეთივე რუდუნებით იკრავს და ეფერება, როგორი რუდუნებითაც ლოცულობს და ეფერება წმინდა ხატებს!
4 წლის უკან