"კაწროს" ნაცვლად, ნიკა გვარამიას მისი ცოლი უჩივლებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი დასაშვებად სცნო. მათი ინფორმაციით, თავდაპირველად მოსარჩელე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ცოლმა, ნათია რუხაიამ ჩაანაცვლა.

ქარტიაში აცხადებენ, რომ მხარე სადაოდ 2020 წლის 7 ივლისის სიუჟეტს ხდის, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში სავარაუდოდ, "კაწრო" მონაწილეობს. კადრში ჩანს, რომ თეთრპერანგიანი პირი გური ამირხანაშვილთან მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი დიდუბის სადგურში მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

„მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო. აღნიშნულ საქმეზე ქარტიას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მომართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.