გიორგი გახარია: დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც 3000 სამუშაო ადგილს შექმნის

გიორგი გახარია: დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც 3000 სამუშაო ადგილს შექმნის

დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში იქმნება, შენდება საწარმო, რომელიც შექმნის 3 ათას სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს რუსთავში „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს - „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად ეს არის მისასალმებელი და დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა სხვა არაფერია, ესაა პრიორიტეტი. პრემიერის განცხადებით, კრიზისის დროს ბიზნესზე დარტყმა უნდა შემცირდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ძველი შენარჩუნდეს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენს მოქალაქეებს შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახერხოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ, თან არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, აქ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 ათასი სამუშაო ადგილი. ეს საწარმო ამოქმედდება და ესაა სერიოზული მიღწევა რეგიონისა და ქალაქისთვის“, - აღნიშნა გახარიამ.

შპს „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3 000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.