ზაალ ანჯაფარიძე:  „საერთაშორისო პრაქტიკასა და კანონმდებლობა ბევრად იმაზე მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს“

ზაალ ანჯაფარიძე:  „საერთაშორისო პრაქტიკასა და კანონმდებლობა ბევრად იმაზე მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს“

,,მედიის პრობლემატიკის მიმართ გულგრილი არ ვარ და შესაბამისად ინტერესით ვადევნებ თვალს ბოლო დღეებში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს, ბევრი კომენტარი მოვისმინე ამ საკითხზე, მაგრამ საწუხაროდ არც ბიზნესის წარმომადგენლებს და არც ოპოზიციონერ დეპუტატებს ცვლილების მიზანსა და საჭიროებაზე არაფერი უთქვამთ, პირიქით ეცადნენ სულ სხვა მიმართულებით წაეყვანათ საკითხის განხილვა. რატომღაც დაავიწყდათ ან განგებ არ უნდათ საკითხის მნიშვნელობასა და შინაარსზე საუბარი და თემის პოლიტიზირება უფრო მომგებიანია მათთვის”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო პრაქტიკაზე,  კანონმდებლობაზე და წერს, რომ იგი იმაზე მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს.

მისი თქმით, ზოგ ქვეყნაში ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ განხორციელებული აქტივობები რეგულირებას ექვემდებარება არა მხოლოდ კონკურენციასთან თავსებადობის კუთხით, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც.

,,მინდა შეგახსენოთ, რომ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბატონებო, სახელმწიფო ინტერესები არ უნდა დაგვავიწყდეს და ვიწრო პოლიტიკურმა ინტერესებმა არ უნდა გადაწონოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამ მიმართულებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საერთაშორისო პრაქტიკასა და კანონმდებლობაზე, რომელიც ბევრად იმაზე მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ამ მიმართულებით უფრო მკაცრი კანონმდებლობა აქვს, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს ითვალისწინებს. მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე წილის ან აქტივის გაყიდვა, ისეთ წამყვან და დემოკრატიულ ქვეყნებში როგორიც არის - აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ლუქსემბურგის კანონმდებლობა ითვალისწინებს, კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ წილების პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებას, უფრო მეტიც მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი. ზოგ ქვეყნაში ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ განხორციელებული აქტივობები რეგულირებას ექვემდებარება არა მხოლოდ კონკურენციასთან თავსებადობის კუთხით, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც. მაგალითად- აშშ-ში, კანადაში, ესპანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში არსებობს რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს ზემოთ (5-25%) წილის ფლობა. შესაბამისად Fb-მეგობრებო, ასევე ოპონენტებო, საქმე ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ქვეყნის ინტერესებს, რომელზე სპეკულაციებიც დაუშვებელია. ჩვენ პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე