გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც სჩადიოდნენ

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც სჩადიოდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, დღევანდელ ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

„მნიშვნელოვანია, იმის გახსენება, რომ წინა ხელისუფლება, დღეს რომ ოპოზიციაშია, დამყნობილი იყო ადამიანების სისხლზე. პირდაპირი გაგებით და ათასი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც გადაცდომა ჩაიდინეს, როდესაც სისხლი დაღვარეს, აწამეს. ვფიქრობ, მთავარი სტრატეგიული მიმართულება არის ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც თვითონ სჩადიოდნენ. ნებისმიერ შემთხვევას გამოიყენებენ ამისთვის. გახსოვთ ის ჟივილ-ხივილი, რაც 20 ივნისს მომიტინგეების და პარლამენტში შემომჭრელთა დაზიანებებს მოჰყვა. ყველა უნდათ დაარწმუნონ და რწმენა ჩაუნერგონ საზოგადოებას, რომ ეს დანაშაული არის იგივე, რაც მათ ჩაიდინეს და თუ მათ ჰქონდათ დანაშაული, დღევანდელ ხელისუფლებასაც იგივე აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

იგი შაქარაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ შაქარაშვილის თემა ყველაზე უზნეო მაგალითია, რომელიც შეიძლება მოყვანილი იყოს დღევანდელ პირობებში.

„შაქარაშვილთან მიმართებაშიც უნდათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამოიკვეთოს. რასაკვირველია, ერთადერთი ამ პოლიტიკურ ინტერესებში მთავარი არის „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ქვედანაყოფი ახალი წარმონაქმნი „ევროპული საქართველო” რომლებიც თავისი მედია საშუალებებით ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს, სახელმწიფოს ინტერესს, სახელმწიფოს პოლიტიკას მიაწერონ. როდესაც სისტემური იყო დანაშაული ასეთი ახალგაზრდების წინააღმდეგ. თუნდაც მიტინგების დაშლის დროს პოლიტიკა იყო, რომ ადამიანი ვერ გაქცეულიყო, დაშავებულიყო და მისი ღირსება, ჯანმრთელობა ყოფილიყო შელახული. შაქარაშვილის თემა ყველაზე უზნეო მაგალითია, რომელიც შეიძლება მოყვანილი იყოს დღევანდელ პირობებში. უზნეოა საქციელი ჟურნალისტების, უზნეოა პოლიტიკური განცხადებები, ვინაიდან ნათელი სიცოცხლე დავკარგეთ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, დამნაშავე იყოს ნაპოვნი და ბრალდებული”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.