ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის რექტორის არჩევნები, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს ჩატარდება. რექტორის არჩევნებში უკვე მერამდენედ ცდის ბედს ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე. „წინასწარ გადაწყვეტილ თამაშში“ მისი მიზანი აკადემიური კორუფციის მხილებაა.
For.ge გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ რექტორის არჩევნებში ბედის ცდა მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს წინასწარ არის გადაწყვეტილი ივანე ჯავახიშვილის სავარძლის ბედი?
- გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, რადგან მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ მიმდინარეობდა პროცესები უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, დავრწმუნდი იმაში, რომ უნივერსიტეტში ისევ ყვავის ე.წ. აკადემიური კორუფცია. ეს გულისხმობს, რომ დაიკარგა აკადემიური კეთილსინდისიერება. ამის კვინტესენცია, ანუ უმაღლესი გამოხატულება არის ის, რომ უნივერსიტეტის დღევანდელი რექტორი, ბატონი შარვაშიძე მისივე პროფესორის, ანუ უნივერსიტეტის პროფესორის მიერ მხილებულია პლაგიატში. პლაგიატი ნიშნავს აკადემიურ ქურდობას, მორალური თვალსაზრისით, ამაზე უფრო დიდი დანაშაული არ არსებობს აკადემიურ სივრცეში.
გიორგი შარვაშიძემ უპასუხა ბრალდების ავტორებს და დოკუმენტაციაც წარადგინა, რათა პლაგიატობის ბრალდება გაექარწყლებინა. ეს ფარსი იყო?
- რა თქმა უნდა. ორი-სამი წელია, ვთანამშრომლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, უფრო სწორად, მე იქ მივედი სტუდენტური ჯგუფების თხოვნის საფუძველზე, რომლებმაც მოითხოვეს, მათთან ერთად ჩამომეყალიბებინა სემინარი. ამ სემინარის ფარგლებში ვთანამშრომლობდი უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან, რაც თითქმის ორი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა და მოიცავდა დიდ და საინტერესო სამუშაოს, მათ შორის, სტუდენტური პროექტების მომზადებას. კვირაში ზოგჯერ ყოველდღიური მუშაობა გვჭირდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა გარკვეული რეპუტაცია, შეუმჩნეველი არ დავრჩი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ, მათ შორის, რექტორის მხრიდანაც, რომელსაც, სხვათა შორის, არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავურეკე და სრულიად უსასყიდლოდ ჩემი თანამშრომლობა შევთავაზე. ამ სამუშაოს ვასრულებდი როგორც ქველმოქმედებას ჩვენი უნიჭიერესი სტუდენტების მიმართ, რომელთაგანაც ბევრი მათგანი იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გაატარა ბატონმა შარვაშიძემ უნივერსიტეტში, იძულებული გახდა, თავიანთი მშობლიური-ფილოსოფიის მიმართულება დაეტოვებინათ და სხვა მიმართულებებზე წასულიყვნენ. ბევრი მათგანი საერთოდ იძულებული გახდა უნივერსიტეტიდან წასულიყო. ჩემი მუშაობით ბატონი შარვაშიძე და მისი მოადგილე, განათლების დღევანდელი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აღფრთოვანებულები იყვნენ, განსაკუთრებით, მიხეილ ჩხენკელი. ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხებზე და შემდეგ გადაწყვიტეს, და ეს მე ვიცი ბატონი მიხეილ ჩხენკელისგან, შეექმნათ უნივერსიტეტში ე.წ. ეთიკის კომისია, რომელზეც უნდა გაეტანათ მსგავსი საკითხები, როგორიცაა აკადემიური გადაცდომები, პლაგიატთან, არაობიექტურობასთან, მიკერძოებულობასთან დაკავშირებული თემები, ის საკითხები, როცა კოლეგები ერთმანეთს არაობიექტურად აფასებენ და არ ტოვებენ არანაირ შანსს, უნივერსიტეტში ფეხი მოიკიდოს პროფესიონალმა, ვინც წინააღმდეგი იქნება ნეპოტიზმის და არაეთიკური გამოვლინების.
ფიქრობთ, ამ კლანური მმართველობის გამოსწორება გიორგი შარვაშიძემ არ ისურვა?
- დიახ, ეს არის კლანური, ფეოდალური მმართველობა, რომელიც უნივერსიტეტში ფესვგადგმულია. შარვაშიძე არათუ არ შეეცადა ამის აღმოფხვრას, არამედ სწორედ მისი რექტორობის პერიოდში ეს ელემენტები არნახულად გაძლიერდა, რაც დაკავშირებულია აკადემიურ კორუფციასთან. თავის დროზე სტუდენტებმა ამხილეს ზოგიერთი ლექტორი, ზოგიერთი პროფესორი აკადემიურად კორუმპირებულ საქმიანობაში, სტუდენტური ნაშრომების მითვისებაში, მაგრამ ამან ის შედეგი გამოიღო, რომ შარვაშიძის რექტორობის დროს ის ადამიანი, რომელზეც იყო საუბარი ჩემს ადრინდელ ინტერვიუში, რომელიც თქვენ ჩაიწერეთ, არათუ ამის გამო არ დაითხოვეს, პირიქით, დააწინაურეს და, როგორც ვიცი, არჩეულ იქნა სენატში. სხვათა შორის, რექტორმა და მისმა მოადგილემ შემომთავაზეს ეთიკური კომისიის თავმჯდომარეობა, რადგან ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო მისაღები იყო მათთვის. ჩემთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელთანაც ხშირად მქონდა საუბარი, რომ უნივერსიტეტში ძალზე ფესვგადგმული იყო აკადემიური კორუფცია. იგი მეთანხმებოდა, რომ მართალი ვიყავი ამ საკითხებში, რომ მასთან დაგროვდა ათობით, თუ მეტი არა, საქმე, რომელიც სწორედ ამ საჩივრებს ეხებოდა, ანუ აკადემიურ კორუფციას.
უნივერსიტეტი მაინც ავტონომიური ერთეულია. როგორც ჩანს, მის შიდა საქმეებში ჩარევის ნებელობა განათლების მინისტრს არ აქვს და ძნელია კლანური სისტემის გარღვევა.
- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი ავტონომიურია, მაგრამ უნივერსიტეტის ავტონომიურობა აბსოლუტურად ფორმალურია. იმავე 2016 წელს, როდესაც ბატონი შარვაშიძე იქნა არჩეული, მაშინდელი მინისტრი ჯეჯელავა პირდაპირ გამოდიოდა ტელევიზიით და მოუწოდებდა აკადემიურ საბჭოს, მხარი დაეჭირათ შარვაშიძის და არა სხვა კანდიდატურისთვის. მაშინ, როცა უნივერსიტეტის პირველი მახასიათებელი თვისება არის, რომ ის დამოუკიდებელია და თვითონ იღებს ყველა სახის გადაწყვეტილებას, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან, კვლევასთან... საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო აკადემიური სივრცის, აკადემიური საზოგადოების წინაშე. თქვენ მკითხეთ, რამდენად მოახერხა ბატონმა შარვაშიძემ ეპასუხა იმ ბრალდებებზე, რომელიც მის მიმართ იყო წაყენებული აკადემიურ ქურდობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი შეისწავლა „ილიაუნმა“, რადგან ბატონ შარვაშიძეს დაცული ჰქონდა დისერტაცია მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში, რომლის სამართალმემკვიდრეც შემდეგ გახდა „ილიაუნი“. „ილიაუნის“ უნივერსიტეტში მას დაუდგინეს 34%-იანი აკადემიური პლაგიატობა. თუმცა არ ვიცი, ეს პროცენტული მონაცემები საერთოდ რას გამოხატავს. ამის პასუხად შარვაშიძემ თავისი მომხრეებისა და მხარდამჭერებისგან სახელდახელოდ შექმნა რამდენიმეკაციანი ანალოგიური კომისიასავით უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, იქ გაატარეს იმავე პროგრამაში მისი ნაშრომი და უნივერსიტეტში დაუდგინდა 11%-იანი პლაგიატობა. რეალურად, სულ ერთია, 34%-იანი იქნება, თუ 11%-იანი, პლაგიატი პლაგიატია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, ბატონი შარვაშიძე ვალდებული იყო, ეს საკითხი გამოეტანა ეთიკურ კომისიაზე, რადგან ეს საკითხი ეთიკური და არა სხვა კომისიების სამსჯელოა.
თქვენ უარი უთხარით ეთიკის კომისიის თავმჯდომარეობაზე?
- უარი არ ვუთხარი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბატონი ჩხენკელი გახდა მინისტრი, შემდეგ მთხოვა შეხვედრა ბატონმა შარვაშიძემ და მეუბნება, თქვენ უნდა ყოფილიყავით ამ კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ აღმოჩნდა, იურიდიულად შეუძლებელია გარედან მოწვეული პირი გახდეს თავმჯდომარე. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო, მაგრამ არ გამიპროტესტებია, შემდეგ შემომთავაზეს თავმჯდომარის მოადგილეობა. ყველაფერი ხდებოდა საზოგადოებრივ საწყისებზე, სრულიად უსასყიდლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ კომისიას არ უმუშავია. ბევრჯერ გავაპროტესტე და გავგზავნე პროტესტის წერილები, სადაც ვაპროტესტებდი აკადემიურ კორუფციას, რომელმაც წალეკა უნივერსიტეტი და მკვეთრად დასცა აკადემიური დონე უნივერსიტეტში. რადგან განათლებით ფილოსოფოსი ვარ, შემიძლია ვილაპარაკო ფილოსოფიის მიმართულებაზე, ეს მიმართულება საერთოდ აღარ არსებობს უნივერსიტეტში, ეს ჩემი და სტუდენტების გარკვეული ნაწილის შეხედულებაა, იმდენად დაბალი დონეა პროფესიული თვალსაზრისით პროფესორებისა და მასწავლებლების, რომ ეს ვერანაირი საზომით ვერ გაიზომება და ნულს ქვემოთაა. ყველაფერი შეჭამა აკადემიურმა კორუფციამ. თავის დროზე როცა შარვაშიძესთან მისაუბრია ამ საკითხზე, მას ჰქონდა ასეთი ფორმულა, რომ უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს „დღეს მე გაგიყვან, ხვალ შენ გამიყვანე აკადემიურ თანამდებობებზე“. მაინტერესებდა, ეს იყო ლიტონი სიტყვები, თუ ამას ჰქონდა რაიმე ობიექტური საფუძველი. ამიტომაც მივიღე მონაწილეობა აკადემიური თანამდებობების არჩევნებში, ანუ შევიტანე განცხადება პროფესორად არჩევასთან დაკავშირებით, მაგრამ ზუსტად იგივე განმეორდა, დღეს მე გაგიყვან, ხვალ შენ გამიყვანე, ხელი ხელს ბანს პრინციპი, ეს საშინელი ნეპოტისტური არაკეთილსინდისიერი მიდგომა. პირადი ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს არჩევნები გავაპროტესტე, მივწერე წერილი და ვთქვი, რომ თქვენ უნდა დაანებოთ თავი, არჩევნები ტარდებოდეს ბოლშევიკური, კომუნისტური, საბჭოური წესით, ეს არ არის არჩევნები, ეს არის გადანიშვნები, აქ გათვალისწინებულია არა აკადემიური, არამედ კლანური კრიტერიუმები, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტს. ბატონი შარვაშიძე, როცა თავს იცავდა პლაგიატში ბრალდებისგან, ვალდებული იყო, ეს საკითხები განეხილა ეთიკის კომისიაზე, ეს არის უნივერსიტეტის შიდა განაწესის დარღვევა, ეს არანაკლებ აკადემიურად კორუმპირებული საქციელია, ვიდრე ის, რომ მან გადაიწერა დისერტაცია, როგორც არსებობს ბრალდება მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეთიკის კომისიაზე შარვაშიძე მიიღებდა საკადრის პასუხს ამასთან დაკავშირებით. მან გამოაცხადა, მზად ვარ სასამართლოში წავიდე და დავიცვა ჩემი თავიო, ეს იყო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ პლაგიატობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის სასამართლო განსჯადობის, ეს არის ეთიკური კომისიის, აკრედიტაციის სამსახურების განსჯის საგანი. ბევრს ერევა ერთმანეთში და ჰგონია, რომ პლაგიატი საავტორო უფლების დარღვევაა, სინამდვილეში, საავტორო უფლებების დარღვევა სასამართლო განსჯადობის საგანია, ხოლო პლაგიატობა მორალური დანაშაულია. საბოლოო ჯამში, პლაგიატობა ისჯება იმით, რომ ამის ჩამდენი საბოლოოდ ტოვებს აკადემიურ სარბიელს და აკადემიურ ინსტიტუციებს. მაინც იმედს ვიტოვებ, როგორც ბატონი შარვაშიძე, ისე მისი გულშემატკივრები ხელისუფლებაში თუ სხვაგან, გამოიჩენენ კეთილგონიერებას და შარვაშიძე შეიკავებს თავს, მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. მას არ აქვს ამის უფლება. არ აქვს მნიშვნელობა, როდის გაიმართება ეს არჩევნები, ახლა თუ ისევ იმ დროს, რა დროსაც ტარდებოდა, ანუ სექტემბერში.
თუ არიან შარვაშიძის კონკურენტები? და, თუ საქმე წინასწარ გადაწყვეტილია, რა აზრი აქვს თქვენს მონაწილეობას ამ არჩევნებში?
- დაჩქარებული წესით მიმდინარეობს ეს არჩევნები, ვადები შემჭიდროებულია, კონკურსი გამოცხადდა 22 ივნისს, მოსამზადებელი წინა პერიოდი გრძელდება 22 ივლისამდე, 23-დან 29 ივლისის ჩათვლით იქნება განაცხადების შეტანა და 30-დან 4 აგვისტოს ჩათვლით აკადემიური საბჭო განიხილავს ამ განცხადებებს. ასეთი შემჭიდროებული ვადები, ალბათ, არ იძლევა საშუალებას, სრულად იქნეს კანდიდატების პოზიციები წარმოდგენილი და განხილული საჯაროდ და არა ისე, როგორც შეიძლება ბევრს უნდოდეს, რომ ამან მარტივად ჩაიაროს, ანუ, თუ პირველად მოხდა შარვაშიძის დანიშვნა, ახლა შეიძლება მოხდეს მისი გადანიშვნა. ქართული საზოგადოების წინაშე ასეთი რამ არც არავინ უნდა იკადროს და არც არავის არ უნდა გაუვიდეს.
როგორია თქვენი შანსი ამ არჩევნებზე?
- მე ჩემს შანსებზე ვერ ვილაპარაკებ, ჩემი თვითმიზანი არ არის, გავხდე რექტორი, ჩემი მიზანია, ეს მდგომარეობა, რისი დახატვაც ახლა ვცადე, გახდეს საჯარო, ამაში მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების სხვადასხვა ფენებმა, სტუდენტობამ და სხვებმა, რადგან ეს გაუგონარი ამბავია, უნივერსიტეტის რექტორი მხილებულია პლაგიატში. ეს არის თავის მოჭრა მსოფლიო მასშტაბით და აკადემიურ სივრცეში, რომ კავკასიაში ყველაზე ტრადიციული, პირველი უნივერსიტეტი, რომელიც თითოეული ქართველის სიამაყეა, დღეს შელახულია. ჩემი მიზანია, იმ საშუალებებით, რაც მე მაქვს, ვამხილო ის აქტორი, რომელიც აკადემიურად კორუმპირებულ საქმიანობაშია შემჩნეული. რასაც თქვენ გიყვებით, დაახლოებით ამ საკითხების ირგვლივ 3-4 დღის წინ მქონდა ბატონ შარვაშიძესთან საუბარი, მას ვუთხარი, რომ ვაპირებ, ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით ვიბრძოლო და სიტუაცია ნათელი გავხადო-თქო.
რეაქცია როგორი ჰქონდა?
- არ გაუპროტესტებია, მითხრა, რომ ეს არის შიდა პრობლემები, რომელიც ხელახალი ვადით არჩევისას მისი პრიორიტეტი იქნება. აქ მთავარი ის არის, რომ შარვაშიძე დარწმუნებულია, კვლავ იქნება არჩეული რექტორად. ის საკუთარ თავს თვლის მეორე ვადით არჩეულ რექტორად, ეს არის ყველაზე მიუღებელი და თვალნათელი გამოხატულება აკადემიურად კორუმპირებული მდგომარეობის.
თქვენი თამამი შეხედულებების გამო პრობლემებს არ შეგიქმნით რექტორატი შარვაშიძის მეორედ არჩევის შემთხვევაში?
- არანაირი შიში პრობლემებთან დაკავშირებით არ მაქვს, რადგან, რასაც ვამბობ, ეს არის სიმართლე, რასაც თვითონ შარვაშიძეც და ბატონი ჩხენკელიც თავის დროზე უჭერდნენ მხარს. დარწმუნებული ვიყავი, ისინი მოწადინებულნი იყვნენ, ამის წინააღმდეგ გაეტარებინათ ღონისძიებები, რომ უნივერსიტეტში ერთხელ და სამუდამოდ მინიმუმამდე დასულიყო აკადემიურად კორუმპირებული სიტუაციები. ახლა კი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩაფარცხეს, გადადეს ეს საქმეები და ის ხალხი, რომელთაც, როგორც ჩანს, ჰქონდათ პრეტენზიები და საჩივრები შეტანილი, ყველანი გადანიშნულ იქნენ ათი წლით პროფესორებად. ეს არ იყო არჩევნები, არც დანიშვნები, ეს იყო გადანიშვნები. ამაზე კორუმპირებული მოქმედება წარმოუდგენელია. ეს ხალხი აკადემიური ვაჭრობის შედეგად იქნა დანიშნული ათი წლის ვადით. შემდეგ ეს საჩივრები გაქრა, სადღაც წაიღეს, ამას მოჰყვა, რომ თავბრუდამხვევი სისწრაფით ბატონი ჩხენკელი დაინიშნა მინისტრად.
როგორია თქვენი პროგრამა?
- ჩემს პროგრამაში საუბარი მექნება იმაზე, გლობალურად რა მოუვიდა უნივერსიტეტს, რას უქადის არა მარტო აკადემიური კორუფცია, არამედ პოლიტიზება. ამ ყველაფერს მასმედიის საშუალებით საჯაროდ გამოვიტან. რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ეს არ არის პროფესია, რადგან სიტყვა პროფესია დაკავშირებულია კონფესიასთან, აღმსარებლობასთან, აქ არ იგულისხმება რელიგიური აღმსარებლობა, აქ იგულისხმება იმ პრინციპების აღიარება, რომელიც საერთოა აკადემიური სივრცისთვის. ბატონი შარვაშიძე ამაოდ დაშვრება იმის მტკიცებით, თითქოს მის დროს უნივერსიტეტმა რეიტინგებში წარმატებას მიაღწია. ეს ბლეფია. ამ საკითხებსაც ბრიფინგებითა და სხვა საშუალებებით ვეცდები მოვფინო ნათელი. მე როცა გავაანალიზე ყველაფერი, რაც ხდებოდა უნივერსიტეტში, მივწერე წერილი ბატონ შარვაშიძეს და ვითხოვე, იმ თანამდებობიდან წასვლა და იმ კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანა, რომლის შესახებაც გესაუბრეთ. დაკმაყოფილდა თუ არა ჩემი სურვილი, ვერ გეტყვით, მაგრამ თავს არ განვიხილავ ამ კომისიის არც თავმჯდომარის მოადგილედ და არც წევრად. მე არ მინდა ვიყო ვითომ კომისიის წევრი.
სხვათა შორის, 2016 წელს შარვაშიძე შეჰპირდა სტუდენტებს, რომ გამოიყენებდა ე.წ. გარე რეფერირების პრინციპს აკადემიური პერსონალის შერჩევის საკითხში. გარე რეფერირება ნიშნავს, რომ ცნობილი უნივერსიტეტებიდან ჩამოიყვანდნენ სპეციალისტებს და კომისიებს შეადგენდნენ სწორედ ასეთი სპეციალისტები. თუმცა შარვაშიძემ სტუდენტები მოატყუა, ეს არ გააკეთა, ისევ განაგრძო და უფრო დიდი მასშტაბითაც, აკადემიურად კორუმპირებული პრაქტიკა.