"მამულიშვილნო, დაწყნარდით, ჩაიქოქინეთ, და გავლენიანი ლობისტების მეშვეობით ატლანტიკური შეთავაზება მოუმზადეთ"

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

“კონტრაქტში ჩაუწერია თურმე, რომ თუ NBA-დან მიიღებს შემოთავაზებას, საოკუპაციო არმიის რიგებს იმ წამსვე დატოვებს და მედასავლეთე პატრიოტების შემადგენლობას შეურთდება. ასე რომ, მამულიშვილნო, დაწყნარდით, ჩაიქოქინეთ, და გავლენიანი ლობისტების მეშვეობით ატლანტიკური შეთავაზება მოუმზადეთ.

ზუსტად იმიტომ ვართ "ბედნიერი ერი", რომ ერთდროულად შაქარას ტრაგედიაზეც შეგვიძლია ვიშვიში, და თან შენგელიასაც შეგვიძლია თავი გავუჩეჩქვოთ მეძავისა თუ მოღალატეს ძახილით. და კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია - ჩვენს ქვეყანაში ისიც კი მოსულა, რომ დეკანოზმა შენდობას პირდაპირ შეჩვენება არჩიოს (?!)

არადა, ისტერიკა რომ ერთი წამით გვერდზე გადავდოთ და საფეხბურთო ეკვივალენტური ხერხი გამოვიყენოთ, თორნიკე შენგელია კარიერას მადრიდის რეალში აგრძელებს. უბრალოდ, ეს რეალი მოსკოვის რეალია და სწორედ ამიტომ, პატრიოტულად აქ მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს - ან შეეშალა, ან არა. თუ შეეშალა - გავკიცხოთ, მაგრამ მოღალატეს როგორ ეძახით, რა გააკეთა, ქართული მიწა დაუმატა ოკუპანტებს, სახელმწიფო საიდუმლოება გადასცა თუ ანწუხელიძის საფლავს დააბიჯა? - "წიგნის ჭიების" ადმინისტრატორი რომ ხარ კაცი და დღე და ღამე ჰუმანისტიკას უზიარებ ასიათასობით მკითხველს ფეისბუქში, მეორე ადამიანს, თუნდაც არაქართველს და თუნდაც აბსოლუტურ უთვისტომოს, მოღალატე როგორ უნდა უწოდო საჯაროდ, არ მესმის. შენი თვისტომია, ისიც ღმერთმა გააჩინა, დედა ჰყავს, მამა ჰყავს, ცოლ-შვილი ჰყავს და სულაც რომ არავინ არ ჰყავდეს, ადამიანია, სამშობლოს მოღალატე ასე ადვილად უნდა თქვა სამყაროს ყველაზე თავმოყვარე არსებაზე?!

იქნებ ისეთ რამეს აპირებს, რომ მთელი წითელი არმია უნდა მოთხაროს და მოანაგავოს, იქნებ დემონსტრაციული პროტესტი აქვს ჩაფიქრებული, იქნებ შინდისელების სურათით მიდის პრეზენტაციაზე და იქნებ ჰიმნის აგუგუნების პირობას აყენებს, წინასწარ რომ ამოგანგლეთ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლაფში, გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ყველა ჰიპოთეტური ჩანაფიქრი წყალში ჩაუყარეთ ამით? - რა დაამთავრეთ ასეთი, რა განათლება მიიღეთ და რა განსაკუთრებული პატრიოტიკით აღიზარდეთ, რომ ექსკლუზიური და აგრესიული უფლება გაქვთ საქართველოს სიყვარულზე მოპოვებული?!

თორნიკეს ჯვარი სწერია, მაგრამ სამშობლოს მოღალატის ძახილით ბევრ ადამიანს გახეთქვია გული ამ ქვეყანაში. მათ შორის, აგერ ახლახანს, ერთ-ერთი თვალსაჩინო მამულიშვილი ლონდონში გყავთ გაგორებული "მედასავლეთე პატრიოტებს" ზუსტად მაგ პათოსით.

შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის ამ სამყაროში, მათ შორის არც ღმერთი. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი შექმნა იდეაში და ეშმაკი გამოადგა, ხო? - მაგრამ, ვინც შეგნებულად უშვებს ისეთ ბოროტებას, რომელიც ადამიანის თავმოყვარეობის განადგურებას ემსახურება, ის ნამდვილი მოღალატეა - ღმერთის, კულტურის და სიყვარულის ჭეშმარიტი მოღალატე.”