რამდენიმე დღეში ახალი წელი გვეწვევა. რასაკვირველია საზეიმო სუფრაზე არაერთი სადღეგრძელო შეისმევა, მათ შორის იმ ადამიანებისას რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ იმყოფებიან. ქართველები წარსულებს ყოველთვის ვიხსენებთ და ამ ტრადიციას არასოდეს ვღალატობთ.
დღევანდელ მოგონებებში სამი ცნობილი ქართველი მსახიობი მსურს რომ გავიხსენო. მათი სახელი ნებისმიერი ჩვენი თანამემამულისთვის მეტად ახლობელია, მათ ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მათი პიროვნებებით თითოეული ქართველი დღემდე განსაკუთრებით ამაყობს.
ახალ წელს ბატონ დოდო აბაშიძეს პატივს აუცილებლად მივაგებთ. დოდო აბაშიძე ქართველი ახალგაზრდობისათვის ვაჟკაცობისა და კაცობის მაგალითი ბრძანდებოდა. ცხოვრება ისე განვლო, რომ ყოველთვის სიმართლეს ემსახურებოდა.
დოდო აბაშიძე:
„არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ „კარჩაკეტილი“ კაცი. ბევრი მეგობარი მყავდა. ცოტა „მაგარი“ ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო - მაძიებლები იყვნენ „ყოჩობისა“.
ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო იცით იმ დროს ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით, თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს. ასეთი კანონი იყო - სისხლი თუ წაგსკდებოდა, დამარცხებული იყავი. გამარჯვებული კი ის, ვისაც სისხლი არ გამოუვიდოდა. მერე ახალი კანონი გამოვიდა - დამარცხებულად ითვლებოდა ის, ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა. მერე ესეც გადავიდა მოდიდან - ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული.
მახსოვს, ერთხელ, ვერიდან ქვევით, „ზემელზე“ მივდიოდი და იქიდან ამოდიოდა, ბუაძე იყო, ელგუჯა, ხარაგაულელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი, საყვარელი ადამიანი. ერთმანეთს 27-ჯერ დავარტყით. ათჯერ მე გავიმარჯვე. დარტყმის ოატატი იყო. პირველად რომ დაგარტყამდა, მერე, რომ მომკვდარიყავი, ჩხუბში აღარ გამოგყვებოდა: წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეა, შენთვის გათენებულაო.
დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, რუსულ ეკლესიასთან. პლეხანოვზე, მუსკომედიის უკან (მაშინ იქ გორგიჯანოვის ბაღი იყო). აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები.
მოგვიანებით ხელი სპორტს, ცხენოსნობას მოვკიდე და ჩხუბსაც შევეშვი. ისე, მართლა ბევრი შემთხვევა მქონდა, ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. საშა კიკნაძეც ბევრჯერ იყო ჩხუბის მომსწრე. სახლში იჯდა და ფამჯრიდან მიყურებდა. მე კი მის სახლთან, „ზემელზე“ ვჩხუბობდი. წამავლებდა ყურში ხელს და ისე მივყავდი ინსტიტუტში.
რუსთაველის თეატრში ინსტიტუტიდან 1949 წელს მივედი და 1956 წლამდე დავრჩი. მისვლისთანავე გავხდი პრემიერი და მთავარ როლებს ვთამაშობდი ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: „პეპო“, „ხევისბერი გოჩა“, „ნგრევა“. შილერში მოორი, მამაჩემის როლი ვითამაშე. ეპიზოდური როლებიც მითამაშია.
1956 წელს დოდო ალექსიძემ ოიდიპოსის როლზე მიმიწვია. სამი ოიდიპოსი იყო - აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და ეროსი მანჯგალაძე. თავიდან ძალიან მინდოდა ოიდიპოსის თამაში. მერე იმხელა ტექსტი რომ დავინახე, ამას რა მასწავლის-მეთქი, ვიფიქრე, თეატრიდან გამოვიქეცი და კინოში მივედი“.
ჩვენი მოგონების მეორე გმირი ქალბატონი სესილია თაყაიშვილი გახლავთ. ამ პიროვნებას ოლღა ბებიის როლის შესრულების შემდეგ „სრულიად საქართველოს ბებიის“ სახელი მიენიჭა.
მსახიობებს ზოგჯერ უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება უწევთ. სესილიასთვის ასეთი ასინეთას როლი აღმოჩნდა. მან თავადვე შექმნა ასინეთას გარეგნული სახე ფილმში „დათა თუთაშხია“. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სცენარი გასაცნობად რომ მიუტანა და მეორე დღეს პასუხის მოსასმენად სახლში ესტუმრა, მსახიობი ოთახიდან იმ ტანსაცმლით შემოსილი გამოვიდა, რომელშიც შემდეგ მაყურებელმა ასინეთას როლში იხილა - შვილიშვილის ქურთუკის ჟილეტით, თავწაკრული, და „ჩესტი“ აუღო რეჟისორს.
ერთხელაც ქალბატონმა სესილიამ ასინეთასთან დაკავშირებით ერთი მოხუცი ქალისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ისე მძიმედ გავხდი ავად, ჩემი მორჩენის იმედი არავის ჰქონდა. შეჭირვებულ გუნებაზე რატომღაც ძალიან მომინდა სარკეში ჩამეხედა და უკანასკნელად შემევლო თვალი საკუთარი სახისათვის. სარკეში ჩემი თავი რომ დავინახე, ჭრელი ხილაბანდით თავწაკრული, დაუვარცხნელი თმებით, ლოყებჩაცვენილი - შევცბუნდი. მერე უცებ სიცილი ამიტყდა: მთლად იმ სასიკვდილე ასინეთას არ ვგავარ-მეთქი?!
შვილები შიშით შემომცქეროდნენ, ხომ არ გაგიჟდაო, მერე იმათაც აუტყდათ სიცილი. მოკლედ, მეორე დღეს „წამოვფრინდი“ ლოგინიდან. ახლა კარგად და საღსალამათად რომ ვარ, თქვენი დამსახურებაა და ამისთვის დიდ მადლობას უხდიდა „მის გადამრჩენელს“.
სესილიამ ამ ქალს ასინეთას როლში გადაღებული სურათი გაუგზავნა და თან მისწერა: როცა თავს ცუდად იგრძნობ, ბარემ ამ სურათს დახედე, იცინე და იცოცხლე, რამდენ ხანსაც გინდაო.
გიგა ლორთქიფანიძე: „როდესაც სესილიამ სპექტაკლში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ითამაშა, ის მართლა საყოველთაო ბებია გახდა. ხალხს ოჯახებში სესილიას სურათი ეკიდა, როგორც საკუთარი ბებიისა.
მახსოვს, იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი და სპექტაკლი რომ ნახა, თქვა: ეს თქვენი ბებია არ არის, ბებიაჩემია, ახლაც ცოცხალია, პროვანსში ცხოვრობსო... ანუ მიიღო, როგორც ფრანგი ბებია. სესილია მაშინ 53 წლის იყო. იმ რეჟისორმა სესილიას სპექტაკლის შემდეგ დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია.
სხვათა შორის, ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი. დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა: რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში. მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. რომ ვკითხე, რატომ უთხარით-მეთქი უარი? „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი, ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“ - მიპასუხა. საოცარი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი მსახიობი. პირადად მე, ღამის სამ საათზე რომ გამაღვიძონ და მკითხონ, ვინ არის თქვენი საყვარელი მსახიობიო, სესილია-მეთქი, - ვიტყვი“.
დღევანდელი წერილის დასასრულს კი ბატონი რამაზ ჩხიკვაძე გავიხსენოთ, უბადლო მსახიობი, რომელიც მსოფლიოში „ქართველ ოლივიედ“ მონათლეს.
ლევან უჩანეიშვილი:
„ბატონი რამაზი ქართული ხელოვნების ლეგენდაა. მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა, გასახსენებელიც ბევრი მაქვს. 80 წლის იუბილე პრაღაში - ოჯახთან და ახლო მეგობრების წრეში აღნიშნა. მე, „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტის გამო, თბილისში ვიყავი და ჩასვლა ვერ მოვახერხე, მერე დავურეკე, მივულოცე და წინასწარ მომზადებული საჩუქარი, შოკოლადისგან ჩამოსხმული ქალის მკერდი სუფრაზე მიართვეს. მეორე დღეს ველაპარაკე, იცინოდა, შენი საჩუქრით ისე ტკბილად ჩავიძინე, დილით ბავშვივით გავიღვიძეო. სამწუხაროდ, დაგვაკლდა მისი ხმა, იუმორი, ადამიანობა. ის იყო ადამიანი, რომელიც, ფაქტიურად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მასწავლებელიც კი იყო, არა მარტო ხელოვნებაში. არამედ ცხოვრებაში.“
დიდ ბრიტანეთში „ქართველ ოლივიედ“ მონათლულ და შექსპირისეული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს გული მხოლოდ ერთ რამეზე წყდებოდა: „ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა იყოს, კაცო...“.