ტელესერიალში „ბეტვუმენი“ მთავარი როლის შემსრულებელ რუბი როუზს ჯავისია ლესლი შეცვლის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად DC-ს კომიქსების სამყაროს ამ გმირს შავკანიანი, ბისექსუალი მსახიობი შეასრულებს. ლესლის პერსონაჟი 25-30 წლის რაიანა უაილდერი იქნება. ახალი ბეტვუმენი წარსულში ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ახლა კი ფურგონში საყვარელ მცენარესთან ერთად ცხოვრობს. სცენარის მიხედვით, ის მშვენიერი მებრძოლი და ღია ლესბოსელია.
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველი შავკანიანი მსახიობი ვარ, ვინც ამ როლს ტელესერიალში ითამაშებს. როგორც ბისექსუალი ქალისთვის, ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ შოუს ნაწილი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა LGBTQ+-თემისთვის“, - ამბობს ლესლი.
შოუს ახალი სეზონი ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ რუბი როუზმა პროექტი არასაკმარისი გამოცდილების გამო დატოვა.