სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:
“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე.
პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, - იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს.
დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო - იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია. ს.გ.), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, - მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია.
მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.