უკრაინელმა ჟურნალისტებმა ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს

უკრაინელმა ჟურნალისტებმა ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს

საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 ავრცელებს.

როგორც ბლოგერი კირილ კიკვიძე წერს, ჟურნალისტებმა ტოვმაჩმა და დეინეკამ გაიგეს, რომ სააკაშვილის სამშობლოში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ახალი ლიდერი იბადება, კერძოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.

„საქართველოში და საზღვარგარეთ გაბუნიას პიარზე სპეციალისტები მუშაობენ. ტოვმაჩისა და დეინეკას განცხადებით, თავიდან მათ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს გაბუნიას გეგმებს და სერიოზულად არ აღიქვეს იგი, თუმცა შემდეგ ამ ისტორიას სხვა კუთხით შეხედეს“, - წერს ბლოგერი.

ბლოგერის თქმით, ინფორმაცია მკვლელობის მცდელობაზე სიმართლეა.

„ამ თემაზე უკრაინული, რუსული და ქართული მედია წერდა. რუსული მედია იმიტომ წერდა, რომ განცხადებებს იგერიებდნენ იმის თაობაზე, რომ ამის უკან პუტინი იდგა. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე, შესაძლოა, სულაც არ უკავშირდება პუტინს. მაგრამ, რაში სჭირდება სააკაშვილს გაბუნიას მკვლელობა? შურს, რომ საქართველოში ახალი ქარიზმატული ლიდერი გამოჩნდება? არა, ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ასე ამბობენ უკრაინელი ჟურნალისტები“, - წერს ბლოგერი.

უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ამ ამბის გამოყენებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდნენ.

„ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გავიგეთ, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის მთავარ აეროპორტში - ბორისპოლში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ხვდებოდა“, - განაცხადეს ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც შესაბამისი ვიდეომასალაც წარადგინეს.