სერგო რატიანი: ამ პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის მიღება საზიანოა

სერგო რატიანი: ამ პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის მიღება საზიანოა

არსებულ პირობებში კანონის მიღება საზიანოა. ფაქტობრივად, ის ეჭვქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას და რეალურად საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ კანონთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.

„ჩვენი შეფასებაა, რომ ეს არის პარლამენტის უფლებების შეზღუდვის გზით ძალაუფლების უზურპაცია. ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური და იმ ვითარებაში, როდესაც წინასაარჩევნოდ მთელი საზოგადოება, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება, ეჭვის თვალით უყურებს ხელისუფლებას. ამ პირობებში ამ კანონის მიღება საზიანოა. ფაქტობრივად, ის ეჭვქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას და რეალურად საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ კანონთან. ეს სასოწარკვეთილი ხელისუფლების ძალიან მძიმე ქმედებაა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამასთან, მას კითხვით მიმართეს, თუ რა კავშირშია აღნიშნული კანონპროექტი და არჩევნების ლეგიტიმაცია.

„იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია პარლამენტის უფლებები და ხელისუფლებას გაზრდილი აქვს უფლებამოსილებები, მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და კანონის მაგივრად გააკეთოს დადგენილება. როცა შეზღუდულია პარლამენტის უფლებები, ამ პირობებში ეს არის გარემო, სადაც უზურპირებულია ხელისუფლება და ბუნებრივია, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება, მისი ლეგიტიმურობა, ეჭვქვეშ დგება“, - დასძინა რატიანმა.