მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება, გამძაფრება, შეიძლება საქართველოზეც აისახოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი ქვეყნის რეგულაციების და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება ალბათ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო ჩვენთან სიტუაცია.
ვხედავთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, შევინარჩუნებთ ყველანი ერთად – ჩვენ, სახელმწიფო, კლინიკები და მოქალაქეებზეა დიდი პასუხისგებლობა რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 838, გარდაცვლილი - 15.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.