ივანე ჩხაიძე: ვთხოვ მშობლებს, ზაფხული ბავშვებმა აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ

ივანე ჩხაიძე: ვთხოვ მშობლებს, ზაფხული ბავშვებმა აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ

წელს, როგორც არასდროს, ვთხოვ მშობლებს, ზაფხულის პერიოდი ბავშვებმა მაქსიმალურად აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„პანდემიის განმვალობაში ჩვენი ბავშვები სამთვიანი იზოლირების, მკვეთრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის გამო გარკვეული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის წინ დადგნენ და ეს ქრონიკული დაავადებები პირველ რიგში უკავშირდებოდა ფიზიკური აქტიურობის მკვეთრ შეზღუდვას ან საერთოდ არარსებობას და კვების განსაკუთრებულ რეჟიმს, რომელიც პანდემიის პირობებში ასევე გამოწვეული იყო აქტიურობის შეზღუდვით.

ასე რომ, წელს, როგორც არასდროს ვთხოვ და რეკომენდაციას ვუწევ ყველა მშობელს - მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენონ ზაფხულის პერიოდი. პასიური დასვენება საკმაოდ ხშირად იყო წინა წლებში და ამას ბევრი მშობელი ყურადღებას არ აქცევდა, წელს პირიქით, ვითხოვთ აქტიურ დასვენებას, უფრო მეტ მოძრაობას, სპორტული თამაშების გამოყენებას. უნდა ვეცადოთ, რომ სამთვიანი იზოლირება ამ დარჩენილ პერიოდში ავანაზღაუროთ. აქ ალტერნატივა პრაქტიკულად არაა. ზაფხული უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად აქტიური ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.