„რამდენად არის საზოგადოებაში მოთხოვნა რაღაც ახალი ძალის ჩამოყალიბების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების”

„რამდენად არის საზოგადოებაში მოთხოვნა რაღაც ახალი ძალის ჩამოყალიბების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების”

საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ დავდე პოსტი, რომელშიც ზოგადად დაისვა კითხვა: თუ რამდენად არის საზოგადოებაში მოთხოვნა რაღაც ახალი ძალის ჩამოყალიბების და დემოკრატიული პროცესების გაღრმავების.

დღეს მინდა კონკრეტული ინფორმაცია გავაცნო საზოგადოებას, რომ არ იყოს არანაირი ბუნდოვანება ამ პროცესის გარშემო.

ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესების გაღრმავების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ორიოდე სიტყვით მინდა მეტი კონკრეტიკა შემოვიტანო ამ საკითხში. თითქოს გასაგებია, რომ დემოკრატია გულისხმობს ქვეყნის მართვის პროცესში საზოგადოების უშუალო, რეალურ მონაწილეობას.

მინდა საზოგადოებას ვაცნობო რომ ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზეც კი მოწესრიგებულია თვითმმართველობის კოდექსში - მუხლი 86-1.

სამწუხაროდ ეს კანონი არ სრულდება სათანადოდ.

ამ კანონში კონკრეტული მუხლის შეტანა იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი ამ მთავრობის მიერ გადადგმული, თუმცა აქ არის ერთი მთავარი და პრინციპული მომენტი. კანონში წერია რომ მრჩეველთა საბჭოს - ამტკიცებს გამგებელი.

მე ვიყავი ერთ ერთ მუნიციპალიტეტში რაღაც პერიოდი გამგებლის პირველი მოადგილე. მოხდა ისე, რომ გამგებელმა, ჩვენი დიდი მონაწილეობით, მართლაც დაამტკიცა ეს მრჩეველთა საბჭო, თანაც მართლაც კარგი და ღირსეული ადამიანები მოიწვია.

თუმცა იდეა მაინც განწირული აღმოჩნდა რადგან მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს დანიშვნები მოხდა ნაცნობობით, ახლობლობით და რომ „ქართულ ოცნებაში“ ნეპოტიზმი მძვინვარებს.

ამ ფონზე, მე დავინიშნე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად და მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება ჩამეტარებინა ღია არჩევნები მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად.

დავარიგე ეს ინფორმაცია მოსახლეობაში და ყველამ მოაწერა ხელი რომ გაეცნენ ამ შეთავაზებას. ამის შემდეგ, ეს ადამიანები თუ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში ვერასდროს იტყოდნენ რომ მთავრობა უსამართლოდ ნიშნავს ვინმეს ამ პოზიციაზე.

მართლაც, ჩატარდა არჩევნები სრულიად ნებაყოფლობით და ღიად და მივიღე დემოკრატიულად არჩეული მრჩეველთა საბჭო.

ვაპირებდი სრულიად ღია გამეხადა მართვის პროცესი მუნიციპალიტეტში. საბჭოს წევრები გაეცნობოდნენ სრულად ბიუჯეტის პარამეტრებს და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას თუ რა იყო საჭირო გაკეთებულიყო მუნიციპალიტეტში და რა თანმიმდევრობით.

ამ პროცესებმა გამოიწვიეს დიდი უკმაყოფილება მმართველ პარტიის ნაწილში, რომლებმაც დამადანაშაულეს იმაში, რომ თითქოს ამითი პარტია დაკარგავდა ძალაუფლებას.

მოსახლეობაში ეს იდეა გახდა უაღრესად პოპულარული, ხალხი მოუთმენლად ელოდა ყოველივე ამის ცხოვრებაში რეალიზებას და სრულ მხარდაჭერას მიცხადებდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოახლოებულ არჩევნებში დასახელებული იქნებოდა ჩემი კანდიდატურა მერის თანამდებობაზე.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო მე მომაშორეს ამ პროცესებს და გადამიყვანეს მოვლენებიდან ''მათთვის უხიფათო მანძილზე''.

ყოველივე ამის შესახებ მე შევეცადე რომ მეცნობებინა ბიძინა ივანიშვილისათვის და მართლაც ერთ ერთ დიდ შეხვედრაზე მე წამოვწიე ეს თემა ზოგადად და შევთავაზე მას მიმეწოდებინა ინფორმაცია ამ პროცესებზე.

მან მითხრა რომ აინტერესებს ეს საკითხი და გადამეცა დოკუმენტაცია დიტო სამხარაძისთვის და იგი მიაწვდიდა უკვე თავად მას.

მართლაც, გადავეცი ეს ყველაფერი დიტო სამხარაძეს, რომელიც არის ერთ ერთი პარტიული ლიდერი ''ოცნებაში'' და ამით დამთავრდა ეს ყველაფერი - დიტო სამხარაძემ ეს დოკუმენტაცია არ გადასცა ბატონ ბიძინას და ჩააბარა კანცელარიაში, სადაც ეს დოკუმენტაცია უბრალოდ გაქრა.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავეცი დიტო სამხარაძეს ეს დოკუმენტაცია და ისევ არ გადასცა ბატონ ბიძინას.

მქონდა ასევე თბილისის საკრებულოში მცდელობა ამ საკითხის წამოწევის და უკვე აქედან ბატონ ბიძინასთვის ხმის მიწვდენის, ამ საკითხის შემსწავლელი კომისიაც კი შეიქმნა ჩემი თავმჯდომარეობით, მაგრამ ისევ დაიბლოკა ეს თემა იმ მოტივით რომ პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი იდეა.

ამის შემდეგ უკვე პირადად ვცადე ბატონ ბიძინასთან შეხვედრა და მართლაც, კაჭრეთში, სადაც ბატონი ბიძინაც ესწრებოდა პარტიულ შეხვედრას, თითქოს მომეცა ამის შესაძლებლობა და ვთხოვე ირაკლი კობახიძეს, რომელიც იქამდეც იყო ჩემი მცდელობების საქმის კურსში - ერთად შევხვედროდით ბატონ ბიძინას. ირაკლი კობახიძემ მიპასუხა, რომ საბოლოოდ ბატონი ბიძინა მას დაეკითხებოდა აზრს და შემომთავაზა ჯერ ჩვენ გაგვევლო დეტალურად ეს საკითხი და ამის შემდეგ უკვე შევხვედროდით ბატონ ბიძინას - რაზედაც დავთანხმდი და თავი შევიკავე იმ მომენტში ამ შეხვედრისგან.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე ელემენტარულად დამემალა - აღარც ჩემს ზარებს არ პასუხობდა ტელეფონზე და აღარც სმს-ებს. მოკლედ ესეთი სამარცხვინო ისტორიაა.

მე ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ღირსია იმის, რომ საკუთარი ქვეყნის მართვაში უშუალო მონაწილეობა მიიღოს და რომ ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილმაც გამოთქვა ზუსტად ეს აზრი. მან თქვა: - "თუ საზოგადოება თვითორგანიზაციას ვერ მოახერხებს - ქვეყანა ვერ განვითარდებაო.''

აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია არა რაღაც განყენებულ იდეებზე - არამედ კანონში არსებული უფლებების სათანადოდ განხორციელებაზე!

სწორედ საზოგადოების ამ უფლების რეალურად ამუშავებისთვის მინდა შეიქმნას რეალური ძალა რომელიც მოახერხებს ამის რეალიზაციას.

იმედია კონკრეტულად აღვწერე სიტუაცია და ჩანაფიქრიც გასაგებია.

მე მაინტერესებს ვის აქვს სურვილი ამ პროცესებში მონაწილეობის და რა ფორმით წარმოუდგენია თავისი თანამონაწილეობა?“