გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, განზრახ მკვლელობა დარჩება.

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება - ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ - არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება. დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ მოდის სხვა ვერსიები“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

მეტი იმის შესახებ, თუ რას ამბობენ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეები, მათ შორის, იაკობ ბრეგვაძეც, მცხეთის გზატკეცილზე მომხდარ ინციდენტზე, წაიკითხეთ ამ ბმულზე.