სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს და მისი პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას დაუჭირეს მხარი.

სოზარ სუბარის თქმით, მას კარგად ესმის იმ ელჩების, რომლებმაც ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.

რაც შეეხება ეუთოს რეკომენდაციებს პრემიერის მრჩევლის თქმით, მათი უმრავლესობა გათვალისწინებულია, თუმცა დარჩა რამდენიმე საკითხი, რომლის გათვალისწინებაც ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების, ასევე, „რაც ყველაზე საოცარია, არასამთავრობოების დესტრუქციული პოზიციის გამო ვერ მოხდა“. ამის მაგალითად მან სიძულვილის ენის აკრძალვის საკითხი მოიყვანა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს მართლაც რომ აწუხებდეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, „ფეიკნიუსების“ წინააღმდეგ ბრძოლა, ისინი პირველ რიგში უნდა მოგვიწოდებდნენ, რომ ეს ცვლილებები შევიტანოთ და გავითვალისწინოთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, თუმცა მათი მხრიდან არის წარმოუდგენელი, გასაოცარი პოზიცია.

როგორც წესი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, ვითომ იცავენ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ამ რეკომენდაციებს და იმას, რომ საქართველო დადგეს ცივილიზებულ რელსებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განმარტებით, რომ არ მოხდეს სიძულვილის ენის გამოყენება, საჭიროა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლითაც აიკრძალება სიძულვილის ენა, თუმცა ამას ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვეუბნებით, რომ მემორანდუმს მაინც მოვაწეროთ ხელი, თუმცა ამაზეც არ მოდიან. საპრეზიდენტო არჩევნებზე კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდათ სიძულვილის ენის აკრძალვა - წარმოუდგენელი რამ ხდებოდა პირველ ტურამდე - თავზე ლაფის დასხმა პრეზიდენტობის კანდიდატზე, წარმოუდგენელი ტყუილების მოგონება, კა-გე-ბეს ყოფილი თანამშრომელი (და მე არ მჯერა, რომ ყოფილი არსებობს) გრიგოლ ვაშაძე, მათი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილს, რომლის წინაპრების ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაშია გატარებული, აბრალებდა რუსეთის აგენტობას, წარმოუდგენელ რამეს იგონებდნენ - ეს იყო სიძულვილის ენის გამოყენება, რასაც ჩვენი მხრიდან უკვე პირველ და მეორე ტურებს შორის ადეკვატური პასუხი გაეცა, მანამდე იყო სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად „დავარცხნილი“ კამპანია.

მერე ჩვენი გუნდიც იძულებული გახდა, ადეკვატური პასუხი გაგვეცა, თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა ის სიძულვილის ენა, რაც მათი მხრიდან მოდიოდა - უბრალოდ, იყო მხილება მათი ქმედებების. ამიტომ, არ უნდათ, რომ დღესაც კანონით აიკრძალოს სიძულვილის ენა.

რაც შეეხება არჩევნებს, ვარწმუნებ ყველას, რომ ეს იქნება ძალიან ღირსეული არჩევნები, როგორიც ჩატარდა ყოველი არჩევნები 2012 წლის შემდეგ და ამომრჩეველს ექნება არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და დარღვევები ნულამდე იქნება დაყვანილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.