რა წერია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში? - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეზე

რა წერია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში? - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მას, დაახლოებით, ღამის 00:30 საათზე ნაცნობი, ლუკა ბეჟანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მცხეთის ხიდებთან მისულიყო და ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, თბილისში წაეყვანა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ტაქსის მძღოლი ვახტანგ ახვლედიანს იცნობდა, თუმცა მისი მეგობრის შესახებ არაფერი იცოდა, - ტაქსის მძღოლის ჩვენება „მაესტრომ" მოიპოვა.

ჩვენების მიხედვით, ტაქსის მძღოლს სთხოვეს, რომ, როცა ხიდთან მივიდოდა, სიგნალით ეცნობებინა ახვლედიანისთვის ადგილზე მისვლა. მძღოლის თქმით, ის მცხეთაში დაახლოებით 01:00 საათზე ჩავიდა და ვახტანგ ახვლედიანი მეგობართან, გიორგი ქათამაძესთან ერთად, თბილისში წაიყვანა და გზად ჩხუბის შესახებ გაიგო.

„2020 წლის 19 ივნისს, ღამის, დაახლოებით, 00:30-ზე, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქ. თბილისში მდებარე იოსებიძის ქუჩაზე მარტო. რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი ნაცნობი ლუკა ბეჟანიშვილი. რომელმაც მთხოვა, რომ მისი მეგობრები: ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, წამომეყვანა ქ. მცხეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით. მეორე მეგობრის სახელი და გვარი არ უთქვამს. მე მას დავთანხმდი, რის შემდეგაც ლუკა ბეჟანიშვილმა მითხრა, რომ როდესაც თბილისის მხრიდან მიმავალი მცხეთის მიმდებარე არაგვის ხიდზე გადავიდოდი, იქვე ხიდთან გამეჩერებინა მანქანა, სამჯერ დამესიგნალებინა, რის შემდეგაც, ჩემთან მოვიდოდა ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად. ვახტანგ ახვლედიანი არის ჩემი უბნელი, რომელსაც ვიცნობ წლებია. ვინაიდან მარტოს არ მინდოდა წავსულიყავი ქ. მცხეთაში, დავუძახე იქვე კორპუსთან მყოფ ჩემს ნაცნობ გუგა დულარიძეს. რომელსაც ვთხოვე, რომ გამომყოლოდა. მას ჩემთვის უარი არ უთქვამს. ვახტანგ ახვლედიანი და გუგა დულარიძეც იცნობენ ერთმანეთს. იქვე ხიდთან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავაჩერე მანქანა, იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი. სამჯერ მივეცი მანქანის ხმოვანი სიგნალი. დაახლოებით, 2-3 წუთში ხიდის დაბლიდან ამოვიდა გზაზე ჯერ ვახტანგ ახვლედიანი, შემდეგ მან დაუძახა მის მეგობარს, სახელად გიორგის. გიორგის დაძახების შემდეგ ასევე ხიდის ქვემოდან ამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩასხდნენ ჩემს მანქანაში, უკანა სავარძელზე. ჩასხდომის შემდეგ, ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის მანქანა. საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი. რომელსაც ეჯდა მანქანაში ვინმე თუ არა, არ დამინახავს. გზაში ვახტანგ ახვლედიანთან ერთად მყოფი მისი მეგობარი გამეცნო გიორგი ქათამაძის სახელით. საუბარზე შევატყვე, რომ აღელვებულები იყვნენ. მათ მითხრეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ. თუ ვისთან იჩხუბეს, ჩემთვის არ უთქვამთ. მეც აღნიშნულზე არ ჩავძიებულვარ. როდესაც მივედით ქალაქ თბილისში ჩემს უბანში, შარტავას ქუჩაზე გავაჩერე მანქანა. მანქანიდან ჩამოვიდნენ ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და გუგა დულარიძე. მე წავედი ჩემს საქმეზე. მეორე დღეს 20 ივნისს, ტელევიზორის საშუალებით, ჩემთვის ცნობილი გახდა ქ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვისა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ.

კითხვა: მათ კიდევ რა თქვეს ჩხუბის შესახებ და ხომ არ აღენიშნებოდათ რაიმე სახის დაზიანება როგორც ტანსაცმელზე, ასევე სხეულზე?

პასუხი: როდესაც ჩემს მფლობელობაში არსებულ მანქანაში ჩასხდნენ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, მათ თქვეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბის შესახებ სხვა არაფერიო უთქვამთ ჩემთვის, არც მე მიკითხავს. ასევე ვიზუალურად ტანსაცმელზე და სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შემიმჩნევია.

კითხვა: როდესაც მიხვედით მცხეთის მიმდებარედ ქ. თბილისიდან გორის მიმართულებით მიმავალი მდინარე არაგვის ხიდთან, რაიმე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევიათ?

პასუხი: მცხეთის მიმდებარედ ქ. თბილისიდან გორის მიმართულებით მიმავალს მდინარე არაგვის ხიდთან არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია.

კითხვა: ქ. მცხეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით მგზავრობის პერიოდში ვინმეს ხომ არ დაურეკავს ვახტანგ ახვლედიანისთვის ან მისი მეგობრისათვის, გიორგი ქათამაძისათვის, მობილურ ტელეფონზე. დადებით შემთხვევაში, რაზე საუბრობდნენ ისინი?

პასუხი: მოგახსენებთ, რომ არ მახსოვს, დაურეკეს თუ არა ვახტანგ ახვლედიანს ან მის მეგობარს გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე.

კითხვა: თქვენი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის მანქანა, რომელსაც მართავდა თქვენი ნაცნობი ირაკლი დაფქვიაშვილი. გამოელაპარაკეთ თუ არა მას და, დადებით შემთხვევაში, რაზე საუბრობდით?

პასუხი: ირაკლი დაფქვიაშვილს ვუთხარი მხოლოდ და მხოლოდ რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავდა სახლში, რაზეც ირაკლი დაფქვიაშვილს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს და განვაგრძე გზა" - წერია მძღოლის ჩვენებაში.