კარლ ჰარცელი: 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელება იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებაა, რომელიც საქართველომ „კოვიდ-19“-თან გამკლავების კუთხით გასწია

კარლ ჰარცელი: 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელება იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებაა, რომელიც საქართველომ „კოვიდ-19“-თან გამკლავების კუთხით გასწია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს კარლ ჰარცელს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში მგზავრობაზე დროებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 15 უსაფრთხო კატეგორიის ქვეყანას შორის საქართველოს დასახელებას.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის წარმომადგენელმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის საკითხები. აღინიშნა, რომ დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ ეტაპზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საზღვრის გახსნის, ასევე საზღვარზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური კოორდინაცია, როგორც ევროკავშირთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით.

„ეს-ესაა შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა გუშინ, ბრიუსელში, სადაც საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნებად აღიარეს. ეს მიღწევა ნამდვილად მისალოცია საქართველოსთვის და წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებას, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „კოვიდ-19“-თან გამკლავების თვალსაზრისით გაწია.

რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი აქტივია საქართველოსთვის, რომელსაც ის უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ამავდროულად, ისიც ცხადია, რომ ჩვენ ყველა მხრიდან მოვითხოვთ შემდგომ მუხლჩაუხრელ მუშაობას. ჩვენ უწვეტ რეჟიმში ვიმუშავებთ სამინისტროსთან და სხვადასხვა სამინისტროებთან, რათა ვუზრუნველყოთ პოტენციალის სრული რეალიზება.

ეს ნიშნავს მუშაობას როგორც ბრიუსელში, ისე ევროკავშირის დონეზე, ასევე სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებთან როგორც აქ, ადგილობრივად, რომელსაც მე წარვუძღვები, ასევე ბრიუსელში და შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებში.

ასე რომ, ჩვენ უამრავი სამუშაო გვაქვს გასაწევი, თუმცა საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს, საიდანაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი. დღეს ჩატარებული კონსულტაციებიც იმ რთული სამუშაოს ნაწილია, რომელიც წინ გველოდება“,- განაცხადა კარლ ჰერცელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.

მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის.