მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის ახალი რეგლამენტი უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგსა და დაბალ ხარჯებს ემსახურება

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის ახალი რეგლამენტი უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგსა და დაბალ ხარჯებს ემსახურება

რეგლამენტთან დაკავშირებით ოპოზიციის რაციონალური რჩევა მაინცდამაინც არ მახსენდება. იმიტომ არა, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, კარგი მეხსიერება მაქვს. მათი რაციონალური რჩევები არ მომისმენია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განახლებული რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს უკეთესი მენეჯმენტის საწინდარი იქნება და ხარჯებსაც შეამცირებს.

„მთავარი კრიტერიუმი, საიდანაც ამოვედით, იყო უკეთესი საპარლამენტო მენეჯმენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, 9 ვიცე-სპიკერის ნაცვლად იქნება მაქსიმუმ 5 ვიცე-სპიკერი. როდესაც საქართველოს რეგლამენტი იხვეწებოდა, მთავარ კრიტერიუმად ასევე აღებული იყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, აქედან გამომდინარე, ცვლილება ემსახურება უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგს და დაბალ ხარჯებს. მათ შორის თუკი ფრაქციების რაოდენობა მცირდება, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 1-ელ ივლისს, 89 ხმით დაამტკიცა.