ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: აღარც ენაღვლებათ, რას იტყვის გერმანიის საელჩო, რას იტყვის ევროკავშირი, ვინაიდან სხვა გზა არ რჩებათ

ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: აღარც ენაღვლებათ, რას იტყვის გერმანიის საელჩო, რას იტყვის ევროკავშირი, ვინაიდან სხვა გზა არ რჩებათ

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებებით დაამტკიცა, რომ „საერთაშორისო პოლიტიკის ანა-ბანა არ ესმის“. როგორც ანალიტიკოსმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ აღნიშნა“, პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ელჩების სიტყვები მათი ქვეყნების მთავრობებთან არის შეთანხმებული.

„ისეთი ქვეყნები, როგორიც გერმანიაა, მაღალკვალიფიციურ ადამიანებს ნიშნავენ პარტნიორ ქვეყნებში. აქ არ არსებობს „ბიძაშვილი მოიყვანა“, ან „მამიდაშვილი მოიყვანა“, ან „მეზობელი მოიყვანა“. ეს არის კვალიფიციური დიპლომატი, რომელმაც იცის რა თქვას, როგორ თქვას და როდის თქვას“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დემოკრატიული არჩევნები არ აწყობს, ეს მშვენივრად იცის და ამიტომ, მსგავსი განცხადებების შედეგებზე უკვე ნაკლებად ფიქრობს.

„ამიტომ არჩეული აქვთ უკვე სხვა გზა: რევოლუციური სცენარი, არეულობის მოწყობა, პროვოკაციის მოწყობა, ვიღაცის მოკვდინება, სკანდალის მოწყობა და აქედან გამომდინარე უკვე აღარც ენაღვლებათ, რას იტყვის გერმანიის საელჩო, რას იტყვის ევროკავშირი, რას იტყვის შვეიცარია და ა.შ., ვინაიდან მათ სხვა გზა არ რჩებათ. მათ იციან, რომ დაკარგეს ამომრჩეველი, დაკარგეს რეიტინგი. მათი სიტყვა ფუჭია“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.