„გაერთიანებული ოპოზიცია“ - დეკოდინგი რომ გავუკეთოთ, მივხვდებით როგორ პრინციპებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ძალების თანამშრომლობა საკმაოდ რთული წარმოსადგენია.
„მაგალითად, ერთი მხრივ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე - 26 მაისის ერთი მხარე, მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყოფილი და ახლანდელი წევრები. მეორე მხრივ, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამერიკის საელჩოზე ამბობდა, რომ ეს არის რაღაც მტრული ძალა და ის გვართმევს თავისუფლებას. მესამე მხრივ, მიშას და გუბაზის კოლაბორაცია. მე მგონი, ნაცისტის და ებრაელის კავშირი უფრო მეტად წარმოსადგენია, ვიდრე ეს. აქედან გამომდინარე, პრინციპებთან და თანმიმდევრულობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე“, - ამბობს ფილოსოფოსი.
სულთანიშვილის თქმით, პანდემიის დროს ოპოზიციური ძალები უფუნქციოდ დარჩნენ, დივერსიას ეწეოდნენ, რადგან ხელისუფლება ეფექტიანად მოქმედებდა. რამდენიმე სარისკო აქციის შემდეგ კი ოპოზიციამ დაინახა, რომ მათ რეიტინგი დაბალია.
„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უკვე ეს საარჩევნო სისტემა აღარ აწყობთ და დემოკრატიული პროცესი მათ სასარგებლოდ არ აისახება. შესაბამისად რჩებათ ერთადერთი დესტაბილიზაციის და რევოლუციის გზა“, - განაცხადა სულთანიშვილმა.