დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, თუ რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, უახლოეს დღეში დაიდება. ეს დასკვნა გასცემს მთავარ კითხვას პასუხს, რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი - სხეულზე დაზიანებები სიცოცხლეშივე აქვს მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ? სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე.
ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სხეულს ბლაგვი საგნით გარეგანთან ერთად შინაგანი დაზიანებებიც აქვს მიყენებული. ექსპერტმა თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, თუ რისი ნიშანი შეიძლება ყოფილიყო შინაგანი დაზიანებების აღმოჩენა.
„გარეგანი დათვალიერებებით აღმოჩნდა, რომ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სისხლჩაქცევების სახით იყო გარკვეული ცვლილებები. ამას ახლა პირველად ვამბობ, ტრავმული შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც, გარდა გარეგნული დაზიანებებისა, გამოიკვეთა შინაგანი დაზიანებებიც“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
ექსპერტიზის დასკვნას ელოდება შს სამინისტრო და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს ფაქტები რის საშუალებასაც აძლევდა გამოძიებას, იმ მიმართულებით წავიდნენ.
„შს სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვას თუ რაიმე ბრალდება აქვს, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ბრალს არც ერთი ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ამ სკანდალურ საქმეში კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბრალდებულის და ამ საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის 4 განსხვავებული ჩვენება აჩენს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ანი გაბეჩავა ამბობს, რომ დაბადების დღეზე დაპატიჟა მისი მეგობრები, კლასელები და უბნელები, რომელთა შორის თავიდანვე იყო დაძაბულობა.
მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ პირველი სისხლიანი გარჩევა იყო აგარაკის ეზოში. თავდაპირველად ახალგაზრდები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ, თუმცა მეგობარი გოგონების დახმარებით გაანეიტრალა სიტუაცია და თანატოლებს სთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტერიტორია. ამის შემდეგ მთავრდება კონფლიქტი. ანი გაბეჩავა ამბობს, რომ არაფერი იცოდა გზატკეცილზე მომხდარი კონფლიქტის მეორე ეპიზოდზე.
„ვინ ვის ურტყამდა, კონკრეტულად არ დავკვირვებივარ. ვცდილობდი გაშველებას. სწორედ ამ დროს დავინახე, რომ ჩემ უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა დაარტყა მარცხენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე, ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვინ სცემა, არ დამინახავს, თუმცა დანამდვილებით ვიცი, ძლიერად ნაცემი იყო.
გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან. არ ჩარეულან და შიგნით სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ, რაც სახლში შევედით, ანერვიულებული ვიყავი, ვტიროდი. მეგობრებმა შემომთავაზეს ავსულიყავით ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გქგვეგრძელებინა ქეიფი. რაზეც დავთანხმდი“, - ასეთია ანი გაბეჩავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება.
საქმის დეტალებზე საუბრობს ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება აძლევს, რომ შაქარაშვილს დარტყმა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო ძლიერია.
„რაც შეეხება გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როდესაც ისინი მეორე ავტომობილის მოსვლის შემდეგ გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, მეორე მირბის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე, უკან მოსდევთ ამირხანაშილი. გიორგი ძალიან სწრაფი ნაბიჯით და პირდაპირ მიდის. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, სადაც კი ვნახე, რომ ბეტონის ფილა აღარ იყო, მაშინვე გზა ჩავჭერი, ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან არაერთი ადამიანი მოგვდევდა, მძიმე სუნთქვითა და გინებითო.
ისინი გამარჯობის სათქმელად არ მოდიოდნენ, ამიტომ, თავიანთი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. მან ჩაჭრა ციცაბო, გადავიდა მეორე გზაზე, სადაც ხიდია. იქ დღე ვერ ჩავიდოდა, ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, უკვე არაგვში იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მან ეს არ იცოდა და იქვე ბუჩქებში ჩაჯდა. არ ვიცი, რას ჩავეჭიდეო, პლასტმასის ბოთლები იყო და ამან უფრო გამიიოლა ჩასვლა, ჩავსრიალდიო, თან წინა დღეებში წვიმა იყო და ნიადაგი სველი იყოო. ბუჩქებს მოვკიდე ხელი, რომ მთლად არ გადავარდნილიყავიო.
მთლიანად დაკაწრულია, შორტი ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია, შემოხეული აქვს ყველაფერი ეკლებისა და ბუჩქებისგან, იქ დაახლოებით 30-35 წუთი ვიყავი და მესმოდა ხმები - „სად წახვედით, გამოდით“ და გინებაო. როდესაც გიორგი წინ მირბოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხედველობის არეალში გიორგი უკვე დაიკარგა და არ იცოდა, სად იყო“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა, მირიან ნიკოლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს ბევრი კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება გადამოწმება, რისთვისაც არსებობს ძიება და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მირიან ნიკოლაძე გვიყვება, ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე და რას სთხოვს დაკავებულებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მირიან ნიკოლაძეს ესაუბრა.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე უცნობია გამოძიებისთვისაც. მომხდარის შესახებ მისმა მშობლებმა გურამ ამირხანაშვილისგან მხოლოდ მეორე დილით შეიტყვეს და სწორედ ამ დროს პროცესში ერთვება პოლიცია. დაკავებული 17 პირიდან, არც ერთს ბრალი არ აქვს წაყენებული გიორგის ეპიზოდში. შესაძლებელია გაიზარდოს პირთა წრე, რადგან ამ საქმეში არსებობს შს მინისტრის მოადგილის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა გაგრძელდეს დაკავებების სერია?
მირიან ნიკოლაძე: ახლა, მთელი ძალისხმევა გადართულია გიორგის ეპიზოდზე. გამოძიების პირველი ეტაპი დასრულდა 17 ადამიანის დაკავებით. ახლა იწყება მეორე ეტაპი, რომელიც ჩემთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელ დღემდე თუ რამე მონაპოვარია გამოძიებაში, ეს ყველაფერი ახლა უნდა მიემართოს იქითკენ, რომ გიორგის ეპიზოდი არ დარჩეს ამოუწურავი და საბოლოო ჯამში კითხვის ნიშნით არ დავამთავროთ ეს საქმე. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებს.
გამოძიებასთან ერთად გავიარეთ ყველა შესაძლო ვერსია და უკვე, დაიწყება ამ თემის ამოწურვა. თუ ეს ადამიანები, ანუ დაკავებულები და ისინი, ვისაც განსაკუთრებით ბოლო მომენტში შეხება ჰქონდა გიორგისთან, შეგვიწყობენ ხელს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიქნებით ძალიან ლოიალურები. მთავარია სიმართლე დაგვადგენინონ, მიგვანიშნონ და ხელი არ შეგვიშალონ გიორგის შესახებ სიმართლის დადგენაში. ამ სტადიაში ვართ ახლა.
საქმის მასალებით იკვეთება, რომ დაკავებულების მხრიდან არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, ინფორმაცია არ არის მოწოდებული ზუსტად და სრულყოფილად გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არ არის ჩვენებაში და რომელზეც ისინი არ საუბრობენ. დაკავებული სპორტსმენების დაცვის მხარე ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს ისინი კავშირში არ არიან გიორგის საქმესთან - ჩავიდნენ არა ბავშვების საცემად, არამედ დასამშვიდებლად. ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად სრულყოფილად ითანამშრომლობენ გამოძიებასთან?
- პოსტსაბჭოური მენტალიტეტი, ქუჩური გავლენები, რომ თანამშრომლობა სირცხვლია და ა.შ. ამას არიან აყოლილი ჩვენი ახალგარდებიც. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა აფერხებს გამოძიებას. რიგ შემთხვევაში ისე კეტავს ვითრებას, რომ შეიძლება საერთოდ ვერ გახსნა საქმე. არ მინდა, რომ მთლად ამის იმედზე ვიყო, სხვა ბერკეტებიც მაქვს, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებები, ალტერნატიული მოქმედებები. თუ დაკავებულები ჩაიკეტებიან, უკვე ალტერნატიული გზით უნდა დავადგინოთ სიმართლე - რა მოხდა რეალურად.
რაც შეეხება გიორგის ეპიზოდს, გამოძიებასთან გაქვთ ურთიერთობა, ელოდებით ექსპრტიზის დასკვნას, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, ვინ ნახა ბოლოს გიორგი და რა მდგომარეობაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ გიორგის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც მოგცემთ დამნაშავესთან, თუ დამნაშავეებთან გასვლის საშუალებას? თუკი იმ ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, გიორგი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში...
- უნდა დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია, რომ გიორგის არც ერთ ეპიზოდში, ანუ ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ცალსახად დადგენილი ფაქტია. იცით, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, მაგრამ ბევრი რამის თქმის უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს. მაქვს ალტერნატიული ინფორმაციაც, რომელსაც ვამოწმებ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგი უნდა გამოვიყვანოთ, იმის მიუხედავად, ჩვენ აქ რაღაცა მხარე გაგვიწევს თუ არა წინააღმდეგობას.
რა მხარემ შეიძლება გაგიწიოთ წინააღმდეგობა?
- ვგულისხმობ თვითონ ბოლო ეპიზოდის მოწმეებს და წინააღმდეგობაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ჩაკეტილი დატოვონ დასკვნითი ეტაპი. მოგეხსენებათ სად იკეტება საქმის არსი - როდესაც გიორგი გარბის ფერდობზე და ხვდება მდინარის კალაპოტთან. მნიშვნელობას ვანიჭებს იმას, რომ ამირხანაშვილის გარდა არის კიდევ ერთი ახლობელი და მათ გარდა უკვე ინფორმაცია აღარ მიდის გიორგის მიმართულებით.
ჩვენ რომ არ გვქონოდა ხელჩანთის ფაქტი, კიდევ უფრო დაუდგენელი იქნებოდა გიორგი იმ ადგილიდან მოხვდა თუ არა არაგვში, ჩვენ ვერ გავიგებდით იმ ფერდობს ჩაირბენდა თუ არა. წარმოუდგენლად რთული რელიეფია, შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ მიმართულებით არ წავიდოდა და არც მდინარეში იქნებოდა, ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა. ახლა, საწყისი ეტაპისთვის გვაქვს რაღაცა კონტურები, გარკვეული ლოგიკით რაღაცა ვერსიებზე გავიდეთ.
გიორგი შაქარაშვილი რომელი საათიდან რომელ საათამდე იყო ცოცხალი, ანუ კონტაქტზე როდის იყო ბოლოს?
- როცა ქრონოლოგიურად ვადარებთ მოვლენებს - ღამის პირველ საათზე ესაუბრა დედა მეგობრის ტელეფონზე. მაქსიმუმ ერთი საათის ფარგლებში ეს ამბავი უკვე მომხდარია. სადღაც ორის ნახევრიდან ორ საათამდე ეს კონფლიქტი გრძელდება ავტობანზე.
ფეხი გაუცურდა და გადავარდა, დევნის შედეგად გარდაიცვალა, თუ მოკლეს და მერე გადააგდეს არაგვში - ამას გამოძიება იტყვის, მაგრამ სანამ გამოძიება არ იტყვის რა მოხდა, ყველა ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. თქვენ რომელი ვერსია მიგაჩნიათ სარწმუნოდ?
- არ გვაქვს საფუძველი, რომ რომელიმე ვერსიას მივანიჭოთ განსაკუთრებული უპირატესობა. იმიტომ, რომ სანამ არ ამოიწურება ერთი ვერსიის საბოლოო შესაძლებლობები, მანამდე ვერ იტყვი, რომ გამორიცხულიაო. ორ ვერსიას განვიხილავ. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, გიორგის მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა და ისე აღმოჩნა არაგვში, არ ვგულისხმობ იმას, რომ მოკლეს და გადააგდეს. მეორე არის ის, რომ ბავშვს როდესაც გაეკიდნენ, შეეშინდა, მოგეხსენებათ, რომ სიბნელე იყო და შეიძლება ორიენტაცია დაკარგა, ძალიან რთული რელიეფია. დღისითაც კი რთულია იქ ისე გასვლა, რომ რამე შეცდომა არ მოგივიდეს. ბევრი ნიუანსია.
ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, რა თქმა უნდა, ზოგადი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა არა მძიმე მოტეხილობები, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ იყო. შესაბამისად, ამ დაზიანებების წარმოშობის მექანიზმი და დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც რისგან აქვს მიღებული ეს დაზიანება, სიცოცხლეში მიიღო თუ არა დაზიანება და რისგან მიიღო. ამაზე პასუხებს მივიღებთ უახლოეს დღეებში.
რაზეც იქნება გამოძიების შემდეგი ეტაპი დამოკიდებული?
- გამოძიების შემდგომი ეტაპი ბევრ ფაქტორზე თანაბრად არის დამოკიდებული. არის ისეთი რაღაცეები, რომელიც კიდევ გასავლელია და საჯარო ყურადღებას არ ვამახვილებ. რომელიც უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდება, ჩვენ იმ ვერსიისკენ წავალთ.
სამწუხაროდ, ეს საქმე ვერ გასცდა პოლიტიკას. მაგალითად, „მთავარი“ არხი ამტკიცებს, რომ დაკავებულ სპორტსმენებს ბერა ივანიშვილი მფარველობს და ხელისუფლება ცდილობს დამალოს რეალური ფაქტი. მათ ამაში ხელს უწყობს ბიძა, მირიან ნიკოლაძე. საქმის პოლიტიზირება, რამდენად ართულებს ამ საქმეს?
- ძალიან რთულია ისაუბრო ისეთ საკითხებზე და ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკის საგნად აქციონ ბავშვის სიკვდილი და ოჯახის ტრაგედია. არ ვიცი, რა ზნეობის მატარებელი უნდა იყო შინაგანად და რატომ შეიძლება გინდოდეს ამ ტრაგედიის გასკანდალება და მით უმეტეს, რომ ოჯახის მოწოდება მსგავსი რამ არ არის. ამ ხალხზე ვერ ვისაუბრებ. გულწრფელად გეუბნებით, ერთადერთი განწყობა, რაც მაქვს, სიბრალური მიჩნდება, რანაირად შეიძლება კაცი ასეთი უბედური იყო?! მართლა უბედური იყო შინაგანად, რომ ამ აგრესიას ღიად ანთხევდე, ლანძღავდე ოჯახს, ოჯახის წევრებს ყველაფერს აბრალებდე იმიტომ, რომ საწადელს ვერ მიაღწიე და რაღაცა თემა არ გაპოლიტიკურდა. ძალიან დიდი პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, არც გვარამიას დრო მაქვს და არც მაგისნაირი არანორმალურების. გადართული ვარ იმაზე, რომ ამ საქმეზე დავაყენო შედეგი და პირნათელი ვიყო გარდაცვლილი ბავშვის და საკუთარი ოჯახის წინაშე. რა გითხართ? - ალბათ, დადგება მის ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი, როდესაც მიხვდება, რომ უღმერთოდ ცხოვრება არ შეიძლება.
ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე. როცა გაირკვევა, რომ ხელოვნურად აჭიანურებენ საქმეს, ვიღაცას ხელს აფარებენ და შედეგი არ დგება, რა თქმა უნდა, მექნება ამაზე უმწვავესი რექაცია, მაგრამ ახლა რა ვუსაყვედურო გამოძიებას, რატომ დაიჭირეთ 17 ადამიანი და რატომ არ დაიჭირეთ 37? რას ნიშნავს ხელის დაფარება?! რაც მე შს სამინისტრო, პროკურატურა და გამოძიება მაქვს ნაკრიტიკები, ესენი ადეიშვილის იღლიებში შემძვრალი იყვნენ და ნახევარი საქართველო გააუბედურეს.
ელოდებით, რომ შეიძლება დაკავებულთა წრე გაიზარდოს?
- რა თქმა უნდა, პირთა წრის გაზრდა თვითმიზანი არ არის. მთავარია, რომ დადასტურებული იყოს. შეიძლება გაიზარდოს.