უკრაინელი ჟურნალისტების მიერ შესაბამის ორგანოებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან არაფერია გამოსარიცხი, თუმცა ამ ეტაპზე მთავრი ის მტკიცებულებები იქნება, რომლებსაც ჟურნალისტები უკრაინელ სამართალდამცველებს წარუდგენენ.
„მისი პიროვნების შესახებ დღემდე არსებული ინფორმაცია ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ მასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი გამოვრიცხოთ. მან უკვე გაწირა თავისი თანაპარტიელები, თანამოაზრეები. ჩვენ შეგვიძლია 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა გავიხსენოთ, 2003-დან 2013 წლამდე მდგომარეობა გავიხსენოთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. რა მტკიცებულებებს, რა ზუსტ მონაცემებს წარუდგენენ ეს ჟურნალისტები უკრაინელ სამართალდამცველებს. თუმცა, კვლავ ვიმეორებ, რომ ამ პიროვნებისგან, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს.
საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი ოლეგ დეინეკა და საინფორმაციო პროდიუსერი ვალერი ტოვმაჩი მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.