რომან გოცირიძე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ ძალოვან უწყებაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადების შეტანას შავ პიარს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში მოღვაწეობას უკავკშირებს.
„ბუნებრივია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ შავი პიარის აგორება, რომლის შედეგი იქნება ნული. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის როლი, წონა, მისი დამსახურება ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის მოტორი, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ, 50-მილიონიან ქვეყანას ექაჩება თავისი ენერგიით და ძალით. აბა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა უკრაინა სააკაშვილის იქ ჩასვლიდან დღემდე რომ ეს ისტორიული ფაქტი არ მომხდარიყო“, - განაცხადა გოცირიძემ.
საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს.
საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი ოლეგ დეინეკა და საინფორმაციო პროდიუსერი ვალერი ტოვმაჩი მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.