გიორგი გახარია: ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად

გიორგი გახარია: ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად

ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა იმაზე, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი და თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის“, - განცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა.

„ისე როგორც შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ თუ ქვეყანაში არ არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.