ჩვენ კონსტიტუციას მხოლოდ მაშინ დავუჭერთ მხარს, თუკი გიორგი რურუა იქნება განთავისუფლებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „ქრონიკაში“ გიორგი რურუას განცხადების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელია, ჩვენ არ გავწირავთ არავის უსამართლო პატიმრობისათვის. საერთაშორისო ზეწოლამ იმოქმედა და ამიტომ არ არის გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მანამდე გიორგი რურუამ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.