„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორებისთვის გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ რურუას ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური დაკვეთა.
„ეს წერილი არის დასტური იმის, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ რურუა უნდა იყოს ციხეში. ამ ხალხს ჰგონია, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ მათ შორის საქართველოს მეგობრებში, ამით მიზანს მიაღწევენ. ეს წერილი იქნება მტკიცებულება მომავალში იმისა, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნა ბიულეტენი, სადაც გიორგი რურუას საქმეზეა საუბარი.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
11 ივნისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.