კახა კუჭავა: ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს სიმართლეს უპირისპირებ

კახა კუჭავა: ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს სიმართლეს უპირისპირებ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა გიორგი რურუასთან დაკავშირებით წერილზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიულეტენში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ზუსტი ფაქტები იყო მოყვანილი.

მისი თქმით, მსგავს საინფორმაციო ბიულეტენებს პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის.

„დღეს, ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს უპირისპირებ სიმართლეს. ეს არ არის ოფიციალური გაგზავნილი წერილი პარლამენტის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი სიახლეების ბიულეტენი, რომელსაც პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის. ჩვენც ერთ-ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით-ხოლმე. ასეთი ბიულეტენი გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ. გაიგზავნება, როცა მესამე მოსმენით მივიღებთ. გიორგი რურუას თაობაზე იყო მოყვანილი ის ზუსტი ფაქტები, რომელიც ყველასთვის ცნობილია.

მაგალითად, დღეს ბრიფინგის დროს, ადვოკატმა თავად აღიარა, რომ ნასყიდობის ღირებულება არის 2 500 ლარი, მაგრამ განახორციელებს 250 ათასი ლარის ინვესტიციასო. მომავალში რას განახორციელებს, მისი საქმეა, მაგრამ 900 დოლარი მივუთითეთ ზუსტად საინფორმაციო ბიულეტენში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, ბიულეტენი გაგზავნეს არა მხოლოდ ევროპარლამენტარებთან, არამედ ყველა იმ პირთან, ვისაც გამოწერილი აქვს სიახლეები და უფლება აქვს, მიიღოს მათი მხრიდან დანახული ინფორმაცია.

„ნურავის გაუკვირდება, რომ თუ თავად აგზავნიან წერილებს, ასეთივე წერილები იგზავნება ჩვენგანაც. ამისთვის მუშაობს პარტიაში შესაბამისი სამსახური. ეს არის პარტიის მხრიდან გაგზავნილი, ეს არ იყო ოფიციალური წერილი, არ არის ხელმოწერილი მიმართვა კონკრეტულად ვინმეს მიმართ, ეს არის სიახლეები, რომლებიც გამოწერილი აქვთ არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ სენატორებს და ა.შ. ვინაიდან, საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენისას, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ხმას არ მისცემდნენ პროექტს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, კითხვები რომ დაისვა, ინფორმაცია მივაწოდეთ, საუბარი ვისზე იყო. როცა მედიამფლობელად მოიხსენიებენ, სიმართლე ხომ უნდა იცოდნენ, რომ 2 500 ლარად აქვს ნაყიდი და ეს თავად ხელშეკრულებაში წერია, რაც ფაქტია. შემდეგ რა ინვესტიციას განახორციელებს, შემდეგ ჩაწერონ. მწარე მოსასმენია, რომ მედიამფლობელად მოიხსენიებენ, რომელსაც აქციები 900 დოლარად აქვს ნაყიდი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნა ბიულეტენი, სადაც გიორგი რურუას საქმეზეა საუბარი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

11 ივნისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.