არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ დამოკიდებულება უკიდურესად უპასუხისმგებლოა, მივმართავ მათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და შეასრულონ პირობა

არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ დამოკიდებულება უკიდურესად უპასუხისმგებლოა, მივმართავ მათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და შეასრულონ პირობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს, საჯაროდ აღებული პირობა შეასრულონ და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. თალაკვაძე საკითხისადმი ამ ორი ოპოზიციური პარტიის დამოკიდებულებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მომავალშიც ვერაფერზე აიღებენ პასუხისმგებლობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბოლომდე მიიყვანს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მე მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ ჩვენ, მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ ოპოზიიის იმ წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც აცნობიერებენ ამ ცვლილებების მნიშვნელობას, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ ჩავატარებთ დემოკრატიულ, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო გააგრძელებს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ამ მომენტისთვის მათი დამოკიდებულება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო. მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და შეასრულონ პირობა, რომელიც საჯაროდ აქვთ აღებული. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მათ ინტერესებში და ის ნარატივი, რითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ ამ დღეებში, რომ თითქოს მათ გარეშე საქართველოს დემოკრატიული განვითარება და საარჩევნო ცვლილების მიღება არის შეუძლებელი, გუშინდელმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, როგორც მმართველი გუნდი, ასევე, ოპოზიციაშიც არის პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და „ნაციონალური მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში. კითხვები ბევრი ჩნდება, ამიტომ, თუ ეს ორი ოპოზიციური პარტია დღეს იმაზეც კი არ არის მზად, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულოს, რაც მინიმალურში გამოიხატება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა და მხარდაჭერა დააფიქსირონ იმაზე, რაც საჯაროდ აქვთ გაცხადებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ორი პარტია მომავალშიც ვერაფერზე აიღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას ტოტალური უნდობლობა ექნება მომავალშიც ამ პარტიების მიმართ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, გააცნობიერონ ეს პასუხისმგებლობა, რაც აქვთ აღებული, მიიღონ სხდომებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.