იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის ნაწილის ქმედებებს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ პროცესებს უკავშირებს. ამ თემაზე მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ, ერთპიროვნული მმართველობიდან სისტემურზე გადასვლამ და ღირებულებების სისტემის შექმნამ უზრუნველყო ის, რომ პოლიტიკურ პირთა წრის ცვალებადობა ინსტიტუტების მდგრადობას ვერ არყევს.
„მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოებამ, პირდაპირი გაგებით, მოიშორა მკვლელი რეჟიმი და ჩვენ მივიღეთ ჰუმანური ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებაში გააჩინა მომავლის რწმენა, იმედიანი ხვალინდელი დღის და დაცულობის განცდა. მშვიდობაც უდაოდ აღსანიშნავია და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებას გაუჩინა რწმენა და ასევე მოთხოვნილება იმისა, რომ ქუჩის და რევოლუციური პროცესების მიღმა, ცივილურ, საარჩევნო ფორმატში განვითარდეს ყველა ქმედება“, - აღნიშნავს იურისტი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა ხელისუფლებასთან კოაბიტაცია, თუმცა ფაქტია, რომ ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფი ძალები ამ დემოკრატიულ განვითარებას ფეხს ვერ უწყობენ და ჯანსაღი საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და მათგან ლოგიკური ნაბიჯების გადადგმა ალოგიკური იქნება.
„ის პოზიცია, რომელიც ამ კონკრეტულმა გუნდმა გააჟღერა - „ჩვენ ხმას არ ვაძლევთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მხარს ვუჭერთ დუმილით“, ამგვარი რამ მე მგონი პოლიტიკაში არ არსებობს. ეს არის ნონსენსი. თუ მათ ამის სჯერათ, რომ შეიძლება ხმა არ მისცე პროცესებს და დუმილით გამოხატო თანხმობა, მე ამ ადამიანებს წინასაარჩევნოდ ვუსურვებ, მცირე ელექტორატის პირობებშიც, რომ საკუთარმა ელექტორატმა სწორედ ამ ფორმით დაუჭიროს მხარი. ხმა არ მისცეს, მაგრამ დუმილით დაუჭიროს მხარი და ასე მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.