მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, მესამე მოსმენაზეც წარმატებით მივიღებთ ცვლილებებს და ამაში მონაწილეობა არ ექნებათ მიღებული ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებს

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, მესამე მოსმენაზეც წარმატებით მივიღებთ ცვლილებებს და ამაში მონაწილეობა არ ექნებათ მიღებული ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებს

დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება მეორე მოსმენაზეც. ეს ბუნებრივი ამბავია, იმიტომ, რომ ის სპეკულაციები, რომელსაც მთელი დღეების განმავლობაში ვხედავდით, წარსულს ჩაბარდა, - ასე შეაფასა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საზოგადოება ყოველთვის კარგად აღიქვამს რა ხდება სინამდვილეში.

„ე.წ „ევროპული საქართველოს“ განცხადება წინა კენჭისყრის შემდეგ, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რამდენად სპეკულაციური იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც 115-116 დეპუტატის ხმის მხარდაჭერა გარანტირებული იყო ჩვენი მხრიდან. დღეს ძალიან სამწუხაროა, რომ კენჭისყრას არ დაესწრო ადა მარშანია. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა წევრები განმარტავდნენ, ის შეუძლოდ იყო და ძალიან სამწუხაროა, თუ მართლა ასეა, მაგრამ მე ძალიან ვთხოვ ყველა ადამიანს, რომ იყვნენ თბილისში შემდეგ მოსმენაზე, რათა ასეთი ერთმანდატიანი რისკებიც არ იყოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მესამე მოსმენაზეც იგივე წარმატებით მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და ამაში მონაწილეობა არ ექნებათ მიღებული ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებს. საქართველომ დღეს დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი გაიარა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.