„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს 116 მხარდამჭერი ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი მივიჩნიოთ.
„დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა.
„დარწმუნებული ვარ, კონსტიტუციური კანონპროექტი გავა იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის ხარისხის ამაღლების საქმეში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.
სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.