ბატონი კარპენტერის პოზიცია ჩვენთვის არის საინტერესო, იმ გაგებით, თუ როგორ აფასებს ეს ადამიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის მაღალი ალბათობით, სექტემბერში თბილისში იქნება და მზად ვართ მასთან დისკუსიისთვის,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
როგორც არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, ეს არაა სწორხაზოვანი პროცესი. „არის მომენტი, როდესაც გაკრიტიკებენ, კითხვებს გისვამენ, არის მომენტი, როდესაც გაქებენ, დადებითად გაფასებენ. ის ადამიანები, ვინც ვერ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, ის ადამიანები ალბათ კარგად ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების დადებით შეფასებებს, კრიტიკას თუ კითხვებს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს აშშ-დანაც, ევროპიდან, ბუნებრივია მიღებულია ისე, როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრება. ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, მე ასე დავაყენებდი საკითხს, ამერიკელ კონგრესმენებს, რომ ესაუბრო რამეზე, ამისთვის აუცილებელია იცოდე სადაა შენი სიმართლე. ეს არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენი სიმართლე ის არის, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს აქვს მშვიდობა, სტაბილურობა. მეორე, საქართველოს რეიტინგები 2012 წლიდან დღემდე დიამეტრალურადაა გაუმჯობესებული. კრიტიკული კითხვები, რაც დღეს საარჩევნო სისტემას, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, ის კითხვებია, რომლებსაც ჩვენი სიმართლიდან უნდა ვუპასუხოთ და სადაც პრობლემაა უნდა მოვაგვაროთ. მაიკლ კარპენტერი დღეს რეალურად არის ანალიტიკოსი, არასამთავრობო, აკადემიურ სექტორში საქმიანობს. ის დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით, შესაბამისად, მისი პოზიციაც ჩვენთვის არის საინტერესო, იმ გაგებით თუ როგორ აფასებს ეს ადამიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თუ ბატონი კარპენტერი გვაკრიტიკებს და ამბობს, რომ გიორგი რურუა რატომ რჩება საპატიმროში და თუ ის ჩვენ გვიმტკიცებს, რომ რურუას გარეშე საქართველოს დემოკრატიული მომავალი დგას საფრთხის ქვეშ, ამაზე ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ბატონი კარპენტერი მაღალი ალბათობით სექტემბერში თბილისში იქნება და მზად ვართ მასთან დისკუსიისთვის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.