გიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, ნაცმოძრაობის თამაშს თამაშობ

გიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, ნაცმოძრაობის თამაშს თამაშობ

ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის აუხსნელია მაგალითად ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას. ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი. სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს მთელი საქართველო დაავალდებულოს საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს. ესეც არის ის, რომ ნაცმოძრაობის თამაში ითამაშო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივით არის გამოწვეული.

„ოპოზიციისთვის არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება, სინამდვილეში თვითონ უნდათ, რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ საავადმყოფოები გადაივსოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.