ხე-ტყის უკანონო ჭრებს „ნაცების“ საფარქვეშ მყოფი კომპანიები ახორციელებდნენ

ხე-ტყის უკანონო ჭრებს „ნაცების“ საფარქვეშ მყოფი კომპანიები ახორციელებდნენ

შპს „ვუდექსპორტი“, შპს „ტაო“ და შპს „woodimpex“ ტყიბულში, ჭიათურასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას ახორციელებდნენ, რომლის შედეგადაც სახელმწიფოს დაახლოებით ნახევარ მლნ ლარიანი ზიანი მიადგა. For.ge-ს ინფორმაციით, ამ კომპანიების უკან წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან. კერძოდ, „ვუდექსპორტი“ დასაქმების ყოფილ მინისტრს, პაატა ტრაპაიძეს ეკუთვნის, „woodimpex“ თემურ უგულავას, რომლის ბიზნესპარტნიორები - გია გეწაძე (იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც საზოგადოებას ბოთლში კალმის ჩადებით დაამახსოვრდა) და დეპუტატი პაატა ლეჟავა არიან. ხოლო, „ტაოს“ მფლობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილია, რომელიც ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 14 დეკემბერს დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, ახალციხის რაიონულმა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის გირაოს სახით, 50 000 ლარის ნაცვლად გაათავისუფლეს.

მართალია, საქართველოში ხე-ტყის უკანანო ჭრასთან დაკავშირებით, საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამ კომპანიებს ლობისტები მთავრობაში ჰყავდათ და მათი საქმიანობის შესწავლა მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. 29 ნოემბერს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ „woodimpex“-სა და სატყეო დეპარტამენტს შორის 2009 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა, რომლის დამტკიცებაც წინა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა. ეს კომპანია ხე-ტყის ჭრას ტყიბულში ახორციელებდა და ხელშეკრულება 15 წლიანი ვადით, სანიტარული ჭრების მიზნით, აქვს გაფორმებული. სააგენტოს შემოწმებით კი დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ უნებართვოდ მოჭრილია - 329 ძირი სხვადასხვა ჯიშისა და დიამეტრის ხე, რომელთა საერთო მოცულობა - 257, 5 მ3-ია, უკანონო ჭრებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 77 657, 48 ლარი შეადგინა, ხოლო გაუწმენდაობით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 116 247, 19 ლარი.

ამას გარდა, სააგენტოს მიერ დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით, შპს „woodimpex“ ათვისებული აქვს მონიშნული ტყეკაფების 16 პროცენტი, ძირითადად მოჭრილია და გამოზიდულია მსხვილი დიამეტრის ხეები, რომლიდანაც ამოღებულია მხოლოდ საქმისი (სამასალე) მერქანი, აგრეთვე სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „woodimpex“-ს სანერგე მეურნეობის მოწყობა და ტყის აღდგენითი სამუშაოების განხორცილება ევალებოდა, რაც ამ დროისთვის არ არის შესრულებული.

რაც შეეხება „ტაოსა“ და „ვუდექსპორტის“ მიერ გაწეულ საქმიანობას, „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ მათი მუშაობა მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე შეისწავლა და ირკვევა, რომ „ტაო“-ს (მას ხე-ტყის ჭრის ლიცენზია სამცხე-ჯავახეთში ჰქონდა) მიერ უკანონოდ 1048მ3 ჭრები მოხდა და გარემოზე მიყენებულმა ზიანმა - 124 092 ლარი შეადგინა. ხოლო, ტყეკაფების წესების დარღვევით გამოყოფის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 4 162, 5 ლარი შეადგინა. რაც შეეხება „ვუდექსპორტს“, რომელსაც მერქნის მოპოვებისთვის 5 წლიანი ლიცენზია აქვს, სააგენტოს მიერ დგინდება, რომ პაატა ტრაპაიძის კომპანიის მიერ უკანონო ჭრები - 67, 23 მ3 განხორციელდა და გარემოზე მიყენებული ზიანი - 29 965, 92 ლარია. ამას გარდა, სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოებით ირკვევა, რომ კომპანიის მიერ  ტყეკაფების წესების დარღვევით გამოყოფის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 31 887 ლარი შეადგინა, ასევე სხვა ქმედებით ზიანმა - 570, 24 ლარი შეადგინა.

ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამ სფეროში სრული განუკითხაობა იყო, თუმცა, მომავალში ყველა მეწარმემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ლიცენზიები უნდა აიღონ და კანონი არ უნდა დაარღვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პასუხს აგებენ.

ზემოთ აღნიშნულზე კი, კანონმდებელი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, გოგა ხაჩიძეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ბობოხიძესა და ტყიბულის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, პავლე კუბლაშვილს აკისრებს.

„ნაცვლად იმისა, რომ მეწარმეებს ტყიდან დაავადებული ხეები გამოეტანათ, ისინი ჯანსაღ ძირებს ჭრიდნენ და ამით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდენ ბუნებას. აშკარაა, რომ ამ კომპანიების უკან ბიზნეს მფარველები იდგნენ. გოგა ხაჩიძე მინისტრი იყო და არ იცის რეგიონებში რა ხდებოდა? ხაჩიძე სხდომათა დარბაზში ტელეფონით რომ დარბის და საკუთარ თავზე ღადაობს, იგივე აღტკინებით რომ ემინისტრა, როგორ იქნებოდა? აკაკი ბობოხიძე კომიტეტის თვამჯდომარე იყო და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა? პეტრე მამრაძეს ხელებს რომ უქნევდა და ნახევარ პარლამენტს დედას აგინებდა, არ ჯობდა, კომიტეტისთვის მიეხედა? მათი ვალდებულება ამ  დარღვევების გამოვლენა იყო“, - განუცხადა For.ge-ს ცაგარეიშვილმა. 

უმრავლესობის წევრის განცხადებას უმცირესობის წარმომადგენლები ხაჩიძე და კუბლაშვილი იუმორით შეხვდნენ. ბობოხიძე კი აცხადებს, რომ თუ კანონდარღვევას აქვს ადგილი, ამით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, თუ ვინმეს ბრალი აქვს, მან პასუხი უნდა აგოს.

 „დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. თუმცა, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა  არა მხოლოდ  ხე-ტყესთან დაკავშირებით, არამედ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, 1-ელი ოქტომბერის არჩევნებზე ვაგეთ. დღეს, ოპოზიციაში ვართ და ეს არის პოლიტიკური  პასუხისმგებლობის შედეგი“, - დასძინა კანონმდებელმა.

საკითხზე საუბრისას, გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ გია ცაგარეიშვილისთვის ის - ჰობია.

„მგონი, ცაგარეიშვილის ჰობი ვარ, რადგან ის სხდომებზე, ჩემს სურათებს ათვალიერებს, ჩემს სახლთან მიტინგებს ატარებს და ეტყობა, გარემოს დაცვის სფერო მისთვის უცხო ადგილია. სჯობს, მან საკითხში უფრო ჩაიხედოს და ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებს თავი დაანებოს“, - დასძინა დეპუტატმა, მაგრამ მას შემდეგ, რაც for.ge-მ დაუზუსტა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრაზე „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ საუბრობს, ხაჩიძემ ტონი შეიცვალა და განმარტა, რომ „თუ რაიმე უკანონოდ ხდებოდა, ეს კომპანიის პრობლემაა, რომელიც ამ უკანონო ჭრას ახორციელებდა“.

ხაჩიძის მსგავსად, ცაგარეიშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს პავლე კუბლაშვილი და აცხადებს, რომ ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებული საკითხები მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციაში არ შედიოდა.

„ცაგარეიშვილს ვურჩევ, რომ  მაჟორიტარის უფლებამოსილებაში კარგად გაერკვეს და ასეთ უადგილო განცხადებებს ნუ გააკეთებს, მაგრამ მისგან უადგილო შეფასებები და ცრემლები უცხო არ არის“, - დასძინა კანონმდებელმა.

მართალია, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, უმცირესობის წარმომადგენლებს ეღიმებათ, მაგრამ სატირალია და არა სასაცილო ის, რომ „ნაციონალურმა“ მთავრობამ „ტყე შვილებს ვერ შეუნახა“. ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს კი, სამართალდამცავი უწყებები დააზუსტებენ, რადგან „woodimpex“-ის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშია გადაგზავნილი. ხოლო, ლევან თუმანიშვილის საქმის არსებითი განხილვა  2013 წლის 11 თებერვალს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოხდება.