„კადიროვი საფრთხეს არ წარმოადგენს, საფრთხე გლობალურია და ეს არის რუსული იმპერიული პოლიტიკა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
აღმოჩნდა, რომ ნაცმოძრაობაშიც კარგად სცოდნიათ იმ სცენარის შესახებ, რაც გიორგი გაბუნიას შესაძლო განეიტრალებას შეეხებოდა. სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერით თუ ვიმსჯელებთ, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს, ისევ და ისევ ტრადიციული ინტერესი ხომ არა, რაც „ორი გვამის“ თემის გაგრძელებასა და რევოლუციურ სცენარში მდგომარეობს?
- ასე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობაშიც“ კარგად სცოდნიათ ამ სცენარის შესახებ. „ნაცმოძრაობას“ ისე აქვს სახელი გატეხილი, ნებისმიერი რამ შეიძლება კაცმა ივარაუდოს, მაგრამ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველაზე სწორია ჩვენი ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების ოფიციალური პოზიცია, სანამ არ დასრულდება გამოძიება, არ ღირს ამაზე სპეკულირება, რადგან პოლიტიკური ვითარება ისედაც ცხელ ფაზაში შედის და არ ღირს ვითარების კიდევ დაძაბვა და შეთქმულების თეორიების განვითარება.
რამდენად ღირს, მაგნიტსკის სია ამოქმედდეს?
- მაგნიტსკის სია რისი მომტანი იქნება? პირდაპირი თითის გაშვერა, რომ ეს კადიროვმა გააკეთა, ან პუტინის დავალებით გაკეთდა, სანამ გამოძიებას არ ექნება მყარი მტკიცებულებები, არ შეიძლება. ფაქტია, მძიმე დანაშაული აღიკვეთა, ეს უდავო ფაქტია, საუბარია ისეთ დანაშაულზე, რომელიც ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნებოდა, თუკი ასეთი რამ მოხდებოდა. პოლიტიკური ვითარება ძალიან გამწვავდებოდა, აირეოდა და გასაგებია, რაც მოჰყვებოდა ამას. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, თეორიები ავაგოთ და ხან რუსეთისკენ გავიშვიროთ ხელი, ხან „ნაცმოძრაობისკენ“. თუ იმ ლოგიკიდან გამოვალთ, ვის აწყობდა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ეს ძველი რომაული მეთოდია, როცა მთავარი კითხვა იყო, ვის აწყობს დანაშაული რომ ხდება? რა თქმა უნდა, აქედან შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება. ფაქტია, ეს დანაშაული მოხდებოდა თუ არა, პოლიტიკური ლანდშაფტის ბუნებრივი მდგომარეობა დღეს ასეთია, რომ არეულობა აწყობს „ნაცმოძრაობის“ ბანაკს, რადგან არჩევნებში წარმატების შანსი მას არ აქვს, ეს შანსი მიზერულია, ამიტომ ნებისმიერი ფაქტორი შეიძლება გამოიყენონ არეულობისთვის. 20 ივნისს გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა გამოიყენეს, ლამის ქვეყანა დააქციეს და მკვლელობას, რასაკვირველია, გამოიყენებდნენ.
ეს ის შემთხვევაა, როცა დესტაბილიზაცია საქართველოში მარტო ნაცებს კი არა, რუსეთსაც აწყობს. ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის ცხელ ფაზაში არსებობდა მოლოდინი, რომ პუტინი საქართველოსთვის მოიცლიდა და კორონავირუსთან ბრძოლის არაეფექტურობას მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაზე გადმოანთხევდა.
- რასაკვირველია, ეს ჰგავს ამ ხელწერას, რუსეთის პოლიტიკისთვის ეს ჩვეული მეთოდი გახლავთ, ძალიან ხშირად იყენებენ ამას, აგერ ახლა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანული გამოძიებაც ამას ადასტურებს, რომ ეს პრაქტიკულად იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მკვლელობა. ათასგზისაა ეს მომხდარი, როცა რუსეთისკენ მიდის კვალი.
ლიტვინენკო, სკრიპალები, ნემცოვი და სხვები, მოკვდინებისა და მოწამვლის მეთოდები მრავალფეროვანია.
- დიახ, ისინი არ მოერიდნენ რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას მკვლელობისთვის, თანაც, დიდ ბრიტანეთში. ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო და რა უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოშიც ასეთი რამ დაიგეგმებოდა. მიუხედავად ამისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ვარაუდებია. მტკიცებულებები არ გვაქვს. რასაც ნაცები ამბობენ, რომ რუსეთის მიმართ კიდევ საქმის გარჩევა დავიწყოთ, პოლიტიკაში გადავიტანოთ ეს საკითხი, ასეთი რამ მტკიცებულებების გარეშე არ შეიძლება.
სხვათა შორის, ამერიკულ პრესაშიც გახმიანდა, რომ ქართველი პოლიტიკოსები გაბუნიას თემის ირგვლივ თავიანთი შემრიგებლური პოზიციით კადიროვ-პუტინის მადლიერებას ვერ დაიმსახურებენ.
- ეს წრეგადასული სპეკულაციებია, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება საკითხს, კორონასიტუაციის გადასაფარად რუსეთი მოუბრუნდებოდა თუ არა საქართველოს, რუსეთი არც წასულა საქართველოდან. რუსეთს საქართველოს მიმართ რა განწყობაც აქვს, ეს ვიცით. ჰიბრიდულ ომზე როცა ლაპარაკობენ, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომელიც არც ომია, არც მშვიდობა, ანუ გინდ ომი დაარქვით, გინდ მშვიდობა, ამას ეძახიან სხვანაირად ჰიბრიდულ ომს. რუსეთის საომარი მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოს განადგურება. ამას ჯერ კიდევ ლავროვი ამბობდა, რის შესახებაც 2008 წელს ლავროვმა პირდაპირ განაცხადა. რუსები ამაზე ხელს არ აიღებენ. მუდმივად ამ მდგომარეობაში ვართ, ხან გააქტიურდება, ხან შედარებით, თითქოსდა, უფრო წყნარი პერიოდებია რუსეთ-საქართველოს შორის, კორონავირუსიც აქტიური მოქმედებებისგან რუსეთს თავს შეაკავებინებდა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა მტრულ განზრახვაზე ხელი აიღო. განსაკუთრებული არც იმედის საფუძველი გვაქვს და არც განსაკუთრებული შეშფოთების. ეს მოცემულობაა, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მტერია, საუბედუროდ, ასეთი ვითარება შეიქმნა. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ჩვენი პოლიტიკის აზრი ეს უნდა იყოს, იმავე რუსეთთან მიმართებით, რომ მტერს მეგობრად თუ ვერ ვაქცევთ, გავანეიტრალოთ მაინც მისი მტრული მოქმედება და არა ის, რომ ცეცხლი შევუნთოთ და ეს მტრობა უფრო გავამწვავოთ, რასაც სააკაშვილი აპირებდა. ცხადია, რა შედეგსაც მივიღებთ, რადგან რუსეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლა საქართველოსთვის მძიმე შედეგების მომტანია. მით უმეტეს, საქართველო რომ განვიხილოთ გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეპიცენტრში დასავლეთსა და რუსეთს შორის, ეს წარმოუდგენელი სიბრიყვეა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, საფრთხე საქართველოდან რაც შეიძლება შორს იყოს.
რადგან ჟურნალისტზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი გახმიანდა, შეიძლება გაგრძელება არ ჰქონდეს და გაბუნიას საფრთხე აღარ ელოდეს? ამასთან, საინტერესოა, კადიროვის ინტერესი რა არის, გარდა იმისა, ერთგულება დაუმტკიცოს პუტინს?
- ამ შემთხვევაში, კადიროვი მაფიოზიცაა, განგსტერიც და, ქურდული გავლენის, კომუნისტური იდელოგიის ადამიანიც, მოკლედ, ყველაფერი ერთად არის მასში. ის არის ტიპური პოსტსაბჭოური კრიმინალი. კადიროვი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, არ არსებობს. იმ ტრენდში, რაც პუტინმა შექმნა, კადიროვი ჩვეულებრივ კრიმინალად ჩანს. თავისთავად, კადიროვი საფრთხეს არ წარმოადგენს, საფრთხე გლობალურია-ეს არის რუსული იმპერიული პოლიტიკა. სანამ რუსეთიდან ასეთი დაულაგებელი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაა, უსაფრთხოდ ვერავინ ვერ იქნება. ეს საფრთხე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება, არა მარტო გაბუნიას, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს. განსაკუთრებით, ეს იგრძნობა საოკუპაციო ხაზთან, ბორდერიზაცია, გატაცება. ასე რომ, მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი.
როგორ ფიქრობთ, გაბუნიას საფრთხე არ ამოწურულა?
- რუსეთისგან საფრთხე არ ამოწურულა, კონკრეტულად, გაბუნიასთან მიმართებით ვერ გეტყვით, მიზანი იქნებოდა ვითარების დესტაბილიზაცია და შეიძლება გაბუნია ამ მიზნით გამოეყენებინათ, მაგრამ, რადგან ეს ამბავი გასკდა, იმავეს აღარ გააკეთებენ, გამოძიებას საკმარისი მასალები აქვს, კვალზე გავიდეს. ბუნებრივია, დისკრედიტირებულია ეს მცდელობა, ამის პრევენცია მოხდა და ამავე მეთოდს არ გაიმეორებენ, თუმცა რა ვიცით, უარესს არ მოიფიქრებენ? არავინაა დაზღვეული არაფრისგან.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უშიშროების მუშაობით კმაყოფილი ხართ?
- ეს ეჭვს არ იწვევს, რადგან ძალიან მძიმე დანაშაული აღიკვეთა. ამასთან დაკავშირებით ყველა ერთ აზრზეა. ნაცები არ ამბობენ ამას პირდაპირ, მაგრამ კონტექსტი ეს არის, რომ სერიოზული, მძიმე დანაშაული იქნა აღკვეთილი.