მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმეში მთავარი ფიგურანტის კობა ოთანაძის დეიდაშვილის - ზაზა სანდოძის რეზინის ხელკეტითა და ბეისბოლის ჯოხით ცემა ნათელი მაგალითია, თუ როგორ უსწორდებოდა ყოფილი ხელისუფლება თვით ყოფილ პოლიციელებსაც კი.
For.ge-ს ზაზა სანდოძე ესაუბრა.
- 2009 წლის 9 მაისს საღამოს „გუდვილში“ მივდიოდი, საყიდლები მქონდა, შევხედე, ვეფხვისა და მოყმის ქანდაკებასთან მანქანები ამყვნენ. მანამდეც ვგრძნობდი, რომ დამდევდნენ, ბავშვებიც მეუბნებოდნენ, მამა, სახლთან ესა და ეს მანქანა დგასო, თანაც, ყოფილი პოლიციის უფროსი გახლდით და ვიცოდი, მითვალთვალებდნენ. გარდა ამისა, მეგობრებმა დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ გითვალთვალებენო. იმ საღამოსაც გამომყვნენ, დიდხანს მდიეს, ვიფიქრე, ხომ არ მაყაჩაღებენ-მეთქი, ამიტომაც ქალაქს მოვერიდე და მცხეთისკენ სწრაფად ავიღე გეზი. მცხეთასთან სროლები დამიწყეს. მერე წავედი უკვე ავჭალის ზაჰესის მხარეს და გავჩერდი.
ხვდებოდით, რა საქმესთან დაკავშირებით მოგდევდნენ?
- არა, მეგონა, მანქანის დაყაჩაღება უნდოდათ. მანქანა როცა გავაჩერე, გადმოცვივდა ორი შეირაღებული პირი მოქალაქის ფორმებში, BMW-ს მარკის მანქანით იყვნენ, მითხრეს, პოლიციიდან ვართ და ხელები დააწყე კაპოტზეო. ვეუბნები, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-თქო. არ გვაინტერესებსო. დავემორჩილე, გადარეკეს, მერე კიდევ ერთი ეკიპაჟი მოვიდა, ჩამსვეს თავის მანქანაში, ჩემი მანქანა წაიყვანეს და მიმიყვანეს მცხეთაში, იქ კი შეურაცხყოფა მოხდა.
ანუ?
- იქ ფიზიკურად მცემეს, მერე მცხეთიდან ზარი კიდევ განხორციელდა, დარეკეს სადღაც, მაისურაძე იყო სამხარეოს უფროსი, მან გადარეკა, არ ვიცი, რა უთხრეს, გადაიყვანეთ, კუდში ელოდებიანო. წამიყვანეს კონსტიტუციური უსაფრთხოების შენობაში. მათი ცემის შედეგად, სამი ნეკნი ერთ მხარეს მქონდა გატეხილი, ორი ნეკნი - მეორე მხარეს, თავზე ჭრილობა მქონდა გახსნილი, წარბი მქონდა გატეხილი, სულ ბეისბოლის ჯოხებითა და დუბინკებით მცემეს, სამჯერ მომასულიერეს და ისევ გამომიყვანეს მდგომარეობიდან.
რას მოითხოვდნენ თქვენგან?
- კობა ოთანაძე სად არისო. ვეუბნებოდი, მე ოთანაძესთან არ მქონია ურთიერთობა. მანამდე აინტერესებდათ, კრიალაშვილი სად არისო. ვეუბნებოდი, კრიალაშვილს საერთოდ არ ვიცნობ-თქო. ერთი რაუნდი ჩამიტარეს მაგის გამო, კრიალაშვილი, კრიალაშვილიო... მერე ერთი შემოდის და ეუბნება, კრიალაშვილი კი არა, მაგის ნათესავი ოთანაძეაო.
ე.ი. მანამდე არ იცოდნენ, რომ ოთანაძის დეიდაშვილი იყავით?
- არ იცოდნენ. ვუთხარი, ოთანაძესაც არ შევხვედრივარ. მხოლოდ ტელეფონზე ვესაუბრე ერთი თვის წინ, აღდგომისთვის დავპატიჟე, რომ მამაჩემის სასაფლაოზე გავსულიყავით, ვთხოვე, თუ ჩამოხვალ, ბატკანს ვკლავ და აღვნიშნოთ-მეთქი. არ დამიჯერეს და დამიმტვრიეს კიდეც მთელი ნეკნები და ძვლები.
თუ არ ვცდები, ისინი ბრალად გდებდნენ, რომ თქვენ სამარშრუტო ტაქსით გადაიყვანეთ კობა ოთანაძე.
- მაგათ მე ტაქსის მძღოლად გამომიყვანეს, ვითომ ჩემი საკუთარი მანქანით ვტაქსაობდი. არ აწყობდათ, რომ ჩემზე ეთქვათ, რომ კობა ოთანაძის დეიდაშვილი ვიყავი, რადგან უნდოდათ, ეჩვენებინათ, ტაქსით გადაადგილდებოდაო. სინამდვილეში, მე დეიდაშვილი ვიყავი და არა ტაქსის მძღოლი. სულ მაგას ვეუბნებოდი, მე პოლიციის თანამშრომელი ვარ, ტაქსის მძღოლი კი არ ვარ. ასეა საჭირო და რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოო.
სინამდვილეში, გადაიყვანეთ კობა ოთანაძე?
- მთელი ორმოცკაციანი ბრიგადა მომდევდა, იქ რომ ვიღაც მყოლოდა და ვიღაც გადამეყვანა, არ დაინახავდნენ? როგორ გაექცეოდათ ვინმე? მით უმეტეს, მანქანა გავაჩერე ასფალტიან გზაზე და, თუ მანქანაში ისხდნენ, სად წავიდა ის სამი კაცი? აბსოლუტურად არავინ გადამყავდა. რომ ყოფილიყო იქ კობა ოთანაძე, ვიტყოდი კიდეც, რა არის აქ დასამალი, დეიდაშვილია, მთხოვა და გადამყავდა-მეთქი.
თუ გახსოვთ ის ადამიანები, ვინც თქვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ?
- სარჩელი შევიტანე გენერალურ პროკურატურში, მოვითხოვ ერეკლე კოდუას, დათა ახალაიას, გია ლორთქიფანიძის, ვინმე გურგენიძის, რომელიც, როგორც მე ვიცი, ახალაიას მოადგილე იყო, და მაისურაძის პასუხისგებას. პატარ-პატარა ვიღაცები რომ ასრულებდნენ მათ ბრძანებებს, მათი არც სახელები ვიცი, არც გვარები, მაგრამ სახეზე სუყველას კარგად ვიცნობ. ეს ხალხი ბრძანებას ასრულებდა.
ნამდვილად იცით, რომ უშუალოდ ახალაია და კოდუა გაწამებდათ?
- ოცი წელია პოლიციის უფროსად ვმუშაობ, ერთხელ და ორჯერ მათ არ შევხვედრივარ. ბოლოს ვმუშაობდი რუსთავის მესამე განყოფილების უფროსად. ახალაიას, კოდუას და ჩვენი მინისტრის მოადგილეს ვერ ვიცნობდი? ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ წამებაში. კოდუამ, ახალაიამ, გურგენიძემ მაწამეს. ლორთქიფანიძე კი, იქით იყო და უყურებდა. მინისტრი და მინისტრის მოადგილე, ისინი იყვნენ ბრძანების მიმცემნი და შემსრულებლები.
თქვენ აცხადებთ, რომ ადრეც შეხვედრიხართ ამ ადამიანებს, იმ დროს თუ გსმენოდათ მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისა და დანაშაულების შესახებ, როცა თქვენთვის შედარებით მშვიდობიანი პერიოდი იყო?
- როგორც მოგახსენეთ, მე თვითონ ვმუშაობდი ორგანოში. ბევრი რამ მქონდა გაგებული ახალაიაზე და სხვებზე. კაცმა, რომელმაც მე პირადად თავისი პირით მითხრა, ხომ იცი, მე რას მეძახიანო? მე კაცის მკვლელს მეძახიან და ერთით ნაკლები და ერთით მეტი, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მოგკლავ და მტკვარს გაგატანო. ორჯერ მომასულიერეს, მერე გურგენიძე გამომაყოლეს, მისცეს ავტომატი და უთხრეს, წაიყვან ახლა ამას და მცხეთა დააკავებსო. ეს იმიტომ, რომ ვითომ მე მივდიოდი და მცხეთამ დამაკავა. მაგათ უნდოდათ, დაემტკიცებინათ, ვითომ ნამდვილად გადამყავდა ოთანაძე. რომ მიმიყვანეს, მცხეთის ჯვრის ქვემოთ გააჩერა მანქანა, გადამიყვანა გურგენიძემ და კიდევ სხვებმა, დამაყენა ტრიალ მინდორში და დამიწყო ავტომატის სროლა. ეს ის გამოყენებული ავტომატი იყო, რომელიც მოგვიანებით ჩემს მანქანაში უნდა ჩაედოთ. მანამდე კი იმ ავტომატს შეშინების მიზნით მესროდა და მეკითხებოდა, სად წავიდა კობა ოთანაძე? ჰაერში ისროდა და ფეხებთან, მიწაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ადამიანი ხომ ვერ იტანს ასეთ მდგომარეობას?! მე ვიცოდი და ვხვდებოდი, რომ ნამდვილად არ მესროდა და შესაშინებლად ატეხა სროლა.
ამის შემდეგ ავტომატი მანქანაში ჩაგიდეს?
- დიახ, მითხრეს, რომ ეს ავტომატი მანქანაში ჩაიდება, ახლა მცხეთის კრიმინალური პოლიცია მოვა, ჩაგიტარებენ მანქანის ჩხრეკას და უნდა თქვა, რომ ავტომატი ჩემიაო. მე ვუთხარი, ოღონდ შემეშვით, და ვაღიარებ, ჩემია და თავი დამანებეთ, მეტი რაღა გითხრათ-მეთქი. ასეც მოხდა. ჩამიდეს ავტომატი და გადამიყვანეს. ოთხჯერ მაინც გამოიძახეს სასწრაფო. თავის მხრივ, სასწრაფო ეხვეწებოდა, ეს ადამიანი გადაიყვანეთ, თორემ მოკვდებაო, მაგრამ კაციშვილმა არ გაიბერტყა ყური. ციხის ექიმებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ სამი თვე გაუნძრევლად ვიწექი. კობა ოთანაძის მსგავსად, გადავრჩი, კობასაც ცხრა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო და სასწაულებრივად გადარჩა. მცხეთის იზოლატორში არანაირი ზეწოლა არ ხდებოდა, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი, მცხეთის იზოლატორის ხელმძღვანელმა მათ უთხრა, მე ამ ადამიანს ვერ მივიღებო, მაგრამ ისეთი ზეწოლა ჰქონდათ, რას ვერ მიიღებო, თავზე სამი ინსპექტორი დამაყენეს და მყარაულობდნენ. ცუდად რომ გავხდებოდი, სასწრაფოს იძახებდნენ. რაც მე მახსოვს, ერთი ოცჯერ მაინც გამოიძახეს სასწრაფო. ხან წამლები მოჰქონდათ, ხან ნიშადურით მომასულიერებდნენ.
კამერაში ფიზიკურად არ შევუყვანივარ, მორიგის ოთახში ვიწექი. ციხეში იყო ზეწოლა, შემოდიოდნენ, კვლავ მეუბნებოდნენ, სად არის, როგორ არის კობა ოთანაძეო. ვეუბნებოდი, არ ვიცი, თავს ხომ არ მოგაკვლევინებდით, რომ მცოდნოდა, გეტყოდით-მეთქი. ნადვილად არ ვიცოდი. კობას ამბავი ორი თვის შემდეგ შევიტყე, ისიც გავიგე, რომ კობა დაეჭირათ. ჩემი ადვოკატიც რომ შემოდიოდა, მთელი საჩივრები გვქონდა, გადაიყვანეთ „რეზბალნიცაზე“, თორემ მოკვდებაო. მედპერსონალიც ამას ეუბნებოდა ციხის ადმინისტრაციას, რომ გადასაყვანია „რეზბალნიცაზე“. ციხის დირექტორმა მელაძემ მითხრა, რა ვქნა, ძმაო, შენი დიდი ხათრი მაქვს (ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს), მაგრამ ზემოდან მაქვს ზეწოლა და ვერსად გადაგიყვანო. მე ვუთხარი, თქვენ ნუ ჩავარდებით უხერხულობაში, როგორც იქნება, ამასაც გავუძლებ-მეთქი. მართლაც, ასეთ პირობებს გავუძელი, სამი თვე გაუნძრევლად ვიწექი, მერე ცოტ-ცოტა ავდექი. ზუსტად ორი წელი ვიყავი გლდანის ციხეში, მოვიხადე სასჯელი და იქიდანვე გამომიშვეს.
ჩემს შვილზე მეუბნებოდნენ, წამალს ჩავუდებთ უფროს ბიჭსო. სახლში მეორე თუ მესამე დღეს ჩხრეკა ჩამიტარეს, ცოლის პარფიუმერიიდან ამომიღეს სამი ცალი ტყვია. ახლა ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, ადამიანად აღარ ვვარგივარ, ისეთ მდგომარეობაში ვარ. ამას სახსრები სჭირდება, არადა, ახალი გამოსული ვარ ციხიდან და რა დამხვდა ოჯახში, ბავშვებს შენახვა ხომ უნდოდათ.
თქვენ ითხოვთ ამ ადამიანების დასჯას?
- არ არიან დასასჯელნი, ადამიანს სასიკვდილოდ რომ იმეტებენ სულ არაფრის გულისთვის?! დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, კი ბატონო, დამსაჯეთ, მაგრამ უდანაშაულოდ ასეთ დღეში რომ ჩამაგდეს და გამაწამეს? მე მგონი, პროკურატურა გაითვალისწინებს ჩემს ჩვენებას. ამას როგორც იურისტი, ისე ვამბობ. რაც რეალობა იყო, მე ის ვთქვი, არც ვინმეს ვწამებ ცილს, არც ვაბრალებ და არც არავის მიმართ ინტერესი არ მაქვს. ერთდერთი, ის მაინტერესებს, რომ მე, როგორც ორგანოს თანამშრომელს, ამდენი წლის მანძილზე ნამუშევარს, ასეთ რამეს რომ მიკეთებდნენ, სხვას რას გაუკეთებდნენ? ეს არის უბედურება. რეზინის ხელკეტითა და ბეისბოლის ჯოხით იმდენი მირტყეს, რომ ზურგი და ფეხები საშინლად შავი მქონდა, ზანგები არ არიან ასე შავები.