მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, 10-11 კანდიდატი ვაქცინა უკვე კლინიკურ ცდებში მონაწილეობს. მისივე ინფორმაციით ვაქცინის შექმნაზე ათეულობით ქვეყანა და ასობით გუნდი მუშაობს, თუმცა მის საბოლოო დამტკიცებამდე კიდევ ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი. ამის შესახებ კატერინ სმოლვუდმა ვაქცინის შექმნის ვადებთან და მასზე მომუშავე ქვეყნების რაოდენობასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ათეულობით ქვეყანა და ასობით გუნდია, რომელიც ეძებს ვაქცინას. ჩვენ დღესდღეობით უკვე გვაქვს, დაახლოებით, 100 კანდიდატი ვაქცინა, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს. რამოდენიმე კანდიდატი ვაქცინა, 10 თუ 11, კლინიკურ ცდებში მონაწილეობს და ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებით ამ წინსვლას. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დაბრკოლებაა ჩვენს წინაშე იქამდე, სანამ ვაქცინა დამტკიცდება, მაგრამ ჩვენ მოტივაციას გვაძლევს გლობალური თანამშრომლობა. როდესაც უკვე ვაქცინა გვექნება, რა თქმა უნდა, წარმოიშვება დამატებითი კითხვები, რომლებიც ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, მათ შორის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვქონდეს წარმოების შესაძლებლობა, რათა იმ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინა უსაფრთხოების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მისი იმ ოდენობით წარმოება მოხდეს, რაც საჭიროა მსოფლიოში. აქვე წარმოიშობა ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხებიც, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ის სჭირდება,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.