„დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ პრეზიდენტს ახალი საზრუნავი გაუჩნდა. ახალი მთავრობის მიერ „ქამარ შემოჭერილი“ ქვეყნის პირველი პირი მზად არის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოყოს, რომელიც სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და თავისუფალი მედიის როლის ზრდას მოხმარდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის „მედია ომბუდსმენობის“ არ სჯერათ და გონივრულ ეჭვებს გამოთქვამენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი კონტროლირებადი მედია საშუალებების ნაწილის შენარჩუნებას ცდილობს. უმცირესობა კი, ოპონენტთა მოსაზრებებს არ იზიარებს და მიხეილ სააკაშვილის წინადადებას დადებითად აფასებს.
როგორც For.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, პრეზიდენტის წინადადება არადამაჯერებელია.
„ერთის მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წახალისებისთვის ფინანსური ზრუნვა დაიწყო. თუმცა, მისი მხრიდან ეს არადამაჯერებელია, რადგან რატომ, დღეს? - ამას კონკურსის შედეგები გვაჩვენებს, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს იმიტომ, რომ „ვიღაცეებს“ ძალიან გაუჭირდათ. პრეზიდენტს უკონტროლო ძალაუფლება და უკონტროლო ფულის წყაროები აღარ აქვს, რის გამოც, ამ პრობლემის მოგვარება ამ ფორმით გადაწყვიტეს“, - აცხადებს კანონმდებელი.
ქართული მედიის განვითარების, ხელშეწყობას მედია სექტორში გამოცდილების მქონე დეპუტატები ანი მიროტაძე და ელისო ჩაფიძე დადებითად აფასებენ, თუმცა, კანონმდებლები „დაგვიანებულ ინიციატივაზე“ აპელირებენ და საკუთარ ეჭვებსაც გამოთქვამენ.
მიროტაძის შეფასებით, ქართულ მედიას დახმარება სჭირდება და მედიის განვითარებისთვის ნებისმიერი ინიციატივა მისაღებია.
„თუმცა, საინტერესო ის არის, მედია საშუალების შერჩევა თუ რამდენად გამჭირვალედ მოხდება. ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შერჩევითი მედია საშუალებები არსებობდა, რომლებიც დაფინანსებას პირადი გემოვნებისა თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებდნენ. თუ პროცესი გამჭირვალე იქნება და პრეზიდენტს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს, ეს მისაღებია, მაგრამ ლეგიტიმური ეჭვი მაქვს, რომ ამ ინიციატივას შესაძლოა გარკვეული პიარდატვირთვა ჰქონდეს. მას ბიუჯეტზე ხელმისაწვდომობა აღარ აქვს და თანხებს როგორც ადრე, ისე ვეღარ დახარჯავს. შესაბამისად, პრეზიდენტი ამ ფორმით, მედია საშუალებების დაფინანსებას ცდილობს“, - განუცხადა For.ge-ს კანონმდებელმა.
მიროტაძე მიიჩნევს, რომ იმ ზარალს ვერანაირი დაფინანსება არ ეყოფა, რომელიც ყოფილმა მმართველმა ძალამ ქართულ მედიას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიაყენა.
„რამდენიმე ტელევიზია და თოქ-შოუები დაიხურა. ყველას კარგად ახსოვს ირაკლი იმნაიშვილის მაგალითი, რომლის ცემა-ტყეპის ინიციატორი ჩემი კოლეგა იყო. ეს ინიდენტი კი, წინა ხელისუფლების მიერ წახალისებულიც კი იყო. წინა ხელისუფლებამ მედია საშუალებები „ჩარეცხილებად“ და საკუთარი იდეოლოგიის გამავრცელებლებად დაჰყო“, - აცხადებს დეპუტატი.
ფრაქცია - „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე პრეზიდენტის ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებს.
„წლების განმავლობაში, ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რიგ მედია საშუალებებს აფინანსებდა. სოციალური პროგრამების განხორციელების ნაცვლად, საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიის წარმომადგენლებს ხმარდებოდა. კონტროლირებად ტელევიზიებს 36 მლნ ლარი ჩამოაწერეს, ხოლო გაზეთ „24 საათს“ მონოპოლიურად სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება მისცეს. ახლა კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხების გაცემის წყარო მოისპო და სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ლოიალურად განწყობილი მედია საშუალებები საკუთარი სარეზერვო ფონდიდან კვებოს. ფაქტია, რომ სააკაშვილი პროგანადისტური მედია საშუალებების შენარჩუნებას ცდილობს. მას საშუალება ჰქონდა, რომ 8 წლის განმავლობაში, მედიის მდგომარეობის რეალური რეფორმირება მოეხდინა და არა პირიქით, პროპაგანდისტური მანქანა ჩამოეყალიბებინა. ფაქტია, რომ ეს პროპაგანდიტური მედია საშუალებები პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე იმუშავებენ. ერთხელ და სამუდამოდ მედია მეოთხე ხელისუფლებად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც პოლიტიკური ძალისგან იქნება გამიჯნული“, - განუცხადა For.ge-ს დეპუტატმა.
საკითხზე საუბრისას, კანონმდებელი განსაკუთრებულ აქცენტს საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებზე აკეთებს, რომლის თავმჯდომარე ნინო კალანდაძე იქნება, ხოლო კომისიის წევრები პრეზიდენტის მრჩევლები - ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი და ნატალია ყანჩელი.
„კომისიის წევრები ანგარჟირებული პიროვნებები არიან და ეს შემადგენლობაც იმაზე მიუთითებს, რომ კომისია ობიეტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. არ ვიცი, ვერა ქობალია ეკონომიკურ საკითხებში ერკვეოდა თუ არა, მაგრამ არ მგონია, რომ ის მედიის სტანდარტებსა და თანამედროვე მედია რეგულაციებში კომპეტენტური იყოს. თუ პრეზიდენტს მედიის წახალისება სურდა, მას შეეძლო კომისიის წევრებად ავტორირეტული პირები მიეყვანა. როგორებიც არიან - ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, მამუკა ღლონტი, გია იაკობაშვილი და ა.შ. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც მედია დამოუკიდებლობისთვის რეალურად იბრძვიან“, - დასძინა დეპუტატმა.
ოპონენტების მოსაზრებებს საპარლამენტო უმცირესობა არ იზიარებს. პავლე კუბლაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზიდენტის განცხადებების არ სჯერათ.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლეგიტიმურია, რომ მედიის განვითარებას ხელი შეუწყოს. უმრავლესობას ეჭვები ყოველთვის აქვს და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის განცხადებებს ეჭვით უყურებენ და ამ ეჭვებიდან ვერ გამოდიან. ყველაფერს დრო გვიჩვენებს“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რვა წლიანი მმართველობის დროს, პრეზიდენტი და მისი გუნდი თუ რატომ არ ცდილობდა მედიის განვითარების ხელშეწყობას, კანონმდებელი აცხადებს, რომ მედია საშუალებების წახალისება ადრეც ხდებოდა.
ქართული მედიის განვითარების იდეაში ცუდი არაფერია, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შეუმცირდა, მიხეილ სააკაშვილმა კილოვატების დაზოგვა ავლაბარში ფასადების ჩაბნელებით დაიწყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამორთო. შესაბამისად, შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მედიის განვითარებაზე თუ რატომ დაიწყო ზრუნვა, ეს გონივრულ ეჭვებს ბადებს. კითხვებს კი პასუხები მას შემდეგ გაეცემა, რაც ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი კონკურსის გზით შეირჩევა.