პარიზში ქართული სამრევლოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არქიმანდრიტ იერეთეოს საქართველოს საპატრიარქოსთან არანაირი საუბარი არ ჰქონია. ამაში მისი პირადი ინტერესები იკვეთება და ემსახურება მრევლის გყოფას, რაც თავისთავად ძალიან ნეგატიური მოვლენაა, მით უმეტეს ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელმაც ამ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს მიერ რუსეთის ეკლესიისთვის გაგზავნილ წერილებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, წერილები გაიგზავნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებასა და მიტროპოლიტი იოანესთან, რომლის დაქვემდბარებაშიც არქიმანდრიტი იერეთეოსი იმყოფება. მამა ანდრიამ განაცხადა, რომ პარიზში ქართული სამრვლოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მათ არქიმანდრიტ იერეთეოსის Facebook-ის პირადი გვერდიდან შეიტყვეს.
„ეს მართლაც მტკივნეული თემაა. ჩვენ დასავლეთ ევროპაში ეპარქია გვაქვს. გვყავს იქ მღვდელმთავარი, მიტოპოლიტი აბრაამი. ეს ეპარქია საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით მყოფი ქართველი მოსახლეობის სულიერ მსახურებას ახორციელებს. მიუღებელია და გაუგებარია, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არქიმანდრიტ იერეთეოსის Facebook-ის პირადი გვერდიდან შევიტყვეთ. ეს არ არის სათამაშო თემა და ისეთი საკითხი, რომელსაც საქართველოს ეკლესია უნდა იგებდეს ასე შემთხვევით“, - განაცხადა მამა ანდრიამ.
დეკანოზმა განმარტა, რომ არქიმანდრიტი იერეთეოსი რამდენიმე თვით იმყოფებოდა საქართველოში და მას ჰქონდა საშუალება რაიმე ფორმით საუბარი გაემართა საპატრიარქოში ამ თემაზე.
„მსგავს თემებზე საუბარს ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც გუშინ საპატრიარქოს განცხადება გავრცელდა, მან დამირეკა, მესაუბრა და შეეცადა გაეტარებინა აზრი, თითქოს საპატრიარქოს რამდენიმე თანამშრომელი ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, რაც გადამოწმებით ირკევა, რომ რეალობასთან სრული აცდენაა. არანაირი საუბარი არ ჰქონია და იკვეთება მისი პირადი ინტერესები ამაში. ემსახურება მრევლის გყოფას, რაც თავისთავად ძალიან ნეგატიური მოვლენაა, მით უმეტეს ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის“, - განაცხადა დეკანოზმა.
მამა ანდრიას კითხვით მიმართეს ასევე, თუ რა მექანიზმით აპირებს საპტრიარქო პროცესის შეჩერებას, რადგან არქიმანდრიტი პარიზში, 20 ივნისს დაგეგმილი აქვს პირველი წირვის ჩატარება.
„გაგზავნილ წერილებზე პასუხს ველოდებით, რადგანაც ჯერჯერობით არქიმანდრიტ იერეთეოსმა განაცხადა და ეს ინფორმაცია მისი მმართველი მიტროპოლიტის, იოანეს მიერ დადასტურებული არ არის. უცნობია, რამდენად რეალურია, რომ იქ მსახურება ჩატარდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ წერილის გაგზავნის შემდეგ, ნათელი მოეფინება ჩვენს დამოკიდებულებას და გათვალისწინებული იქნება ის არგუმენტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუზიარებთ“, - დასძინა მამა ანდრიამ.
ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ქართული სამრევლო საფრანგეთში ბევრად ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე იქ ქართული ეპარქია შეიქმნებოდა.
საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიას წერილები გუშინ გაუგზავნა.
„რუსეთის საპატრიარქო პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას გეგმავს, იმის მუხედავად რომ პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მრევლი სწორედ ამ ტაძარში დადის“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიეთობის განყოფილების ხელმძღვანელის მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში რუსეთის ეკლესიისადმი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.