ირაკლი კობახიძე: არ ვაპირებთ ორას „ნაციონალს“ რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ

ირაკლი კობახიძე: არ ვაპირებთ ორას „ნაციონალს“ რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი 20 ივნისს კონტრაქციის გამართვას არ აპირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სრული უფლება აქვს შეიკრიბონ და აქცია გამართონ, საუბარი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ამ დემონსტრაციის პასუხად თავის მომხრეებს შეკრებს კი აბსურდია.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკ ნიუსს და მერე თავად აკრიტიკებენ თავისივე შექმნილ ფეიკ ნიუსს. ეს არის აბსურდი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ორას „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ. შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი, რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ, გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს. რატომ უნდა შეიკრიბოს ვინმე ამ აქციის წინააღმდეგ? ეს არის აბსურდი. თუ ვინმე შეიკრიბება, ეს არის ერთადერთი პროვოკაცია და ბუნებრივია, ეს პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი, თუმცა მე არ მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მანამდე ანალოგიური განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც გააკეთა.

მისივე თმით, ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ მოქალაქის ამის გაკეთება კანონის ფარგლებში შეუძლია. ოპოზიცია 2019 წლის მოვლენების აღსანიშნავად 20 ივნისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.