ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პრეპარატ „დექსამეტაზონზე“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. 2 ათასი მათგანი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა და მათი შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ „დექსამეტაზონმა“ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა. ამასთან, დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.
პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება, დღეში პაციენტს 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. მეცნიერების თქმით, „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.