ოპოზიციას არანაირად არ სჭირდება სიწყნარე იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკური მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს იმ ოდენობით, რაც გაუხარდებოდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი რურუას საკითხზე ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მის გათავისუფლებაზე საუბრობს, არ გაჩერდება, რათა არ შექმნას განწყობა, რომ საქართველოში მოლაპარაკება შედგა.
„ახლა წამოვიდა გიორგი რურუას თემა, რომელიც ჩართული ჰყავდათ ამ რევოლუციურ მოძრაობებში. რასაკვირველია, ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ხალხი არ გაჩერდება, რომ არ შექმნან იმის განწყობა, თითქოსდა რაღაც მოლაპარაკება შედგა საქართველოში. თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხალხი მათ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს. ამის გამოცდილება აქვთ. არ იყო არცერთი ხმამაღალი დაპატიმრება, გათავისუფლება ან კონკრეტული ადამიანების რეპრესიების ქვეშ მოქცევა, სადაც მათი ხელისუფლება არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა როგორი ერთობლიობა იქნება წარდგენილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.